„ნიუ იორკ თაიმსი“ - უკრაინის მარცვლეულის განბლოკვაში დახმარების მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტი ბაიდენისთვის თავის ტკივილად რჩება
„ნიუ იორკ თაიმსი“ - უკრაინის მარცვლეულის განბლოკვაში დახმარების მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტი ბაიდენისთვის თავის ტკივილად რჩება

უკრაინის მარცვლეულის განბლოკვაში დახმარების მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტი ბაიდენისთვის თავის ტკივილად რჩება, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“.

სტატიის თანახმად, სტამბოლში შეთანხმების გაფორმებამდე, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შესაძლოა, ვეტო დაადოს ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის წევრებად მიღების გეგმებზე უახლოეს თვეებში და ეს იქნება ქმედება, რომელიც შეარცხვენს ალიანსს და ბაიდენის ადმინისტრაციას, როდესაც ისინი მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ.

„ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში კიდევ ერთ მაგალითად მოყვანილია თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთის და ირანის პრეზიდენტებთან. სტატიის ავტორის თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნის ყოფნა ამერიკის ორ მთავარ მეტოქესთან, შეეჯახა ღრმად იზოლირებული ირანისა და რუსეთის დასავლურ ნარატივს. სტატიაში აღნიშნულია, რომ თეთრი სახლი ასევე გამოთქვამს შეშფოთებას ერდოღანის მუქარებთან დაკავშირებით, რომ ანკარა ჩრდილოეთ სირიაში აშშ-ისგან მხარდაჭერილი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გეგმავს.

„ერთად აღებული, ბ-ნი ერდოღანის ქმედებები და ბ-ნი ბაიდენის შეზღუდული შესაძლებლობები, შეაკავოს ისინი, ხაზს უსვამს თურქეთის ლიდერის, როგორც სამხედრო მოკავშირის უნიკალურ პოზიციას, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება მისი დასავლელი მოკავშირეების დღის წესრიგს. აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის ეს ხშირად ჭკუიდან შემშლელი როლია“, – აღნიშნულია სტატიაში.