„ნიუ იორკ თაიმსი“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ წერს
„ნიუ იორკ თაიმსი“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ წერს

საქართველო სეპარატისტების მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვს, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“  წერს. ამერიკული გამოცემის თანახმად, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში დააკავეს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს.

„ნიუ იორკ თაიმსის“ თანახმად, საქართველოს ორთოპედისტთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი სეპარატისტებმა ცხინვალში გადაიყვანეს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს და ამტკიცებენ, რომ მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ სოფლის ადგილობრივ მცხოვრებლებს მსგავსი მიზეზით ხშირად აკავებენ, თუმცა ექიმი უფრო ცნობილი პიროვნებაა, რომლის კოლეგები აცხადებენ, რომ ექიმი პაციენტთან მისვლას ცდილობდა. „ნიუ იორკ თაიმსი“ იმოწმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოახდინა და ძალისხმევას არ იშურებს, რომ ექიმი ოჯახს დროულად და უსაფრთხოდ დაუბრუნდეს.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გამშვები პუნქტების გახსნა აშშ-მაც მოითხოვა. „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ომი მოუგო, რის შემდეგაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და იქ ჯარები განალაგა. გამოცემის თანახმად, რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა 2015 წელს უსაფრთხების ძალების და სამხედროების ინტეგრაციის შეთანხმება გააფორმეს, რაც საქართველოს აშფოთებს, რადგან საქართველოსთვის ორივე რეგიონი უცხო ძალის მიერ არის ოკუპირებული.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანისსიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება.