„ნიუ იორკ თაიმსი“ – პენტაგონმა შეიარაღებული ძალების 50-მდე წევრი პოლიგრაფზე მას შემდეგ შეამოწმა, რაც გასაიდუმლოებული ინფორმაცია გავრცელდა ირანთან ომისა და ამერიკული სამხედრო-საბრძოლო მასალის შემცირების შესახებ
პენტაგონმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის 50-მდე წევრი პოლიგრაფზე მას შემდეგ შეამოწმა, რაც მედიაში გასაიდუმლოებული ინფორმაცია გავრცელდა „ირანთან ომისა და ამერიკული სამხედრო-საბრძოლო მასალის შემცირების შესახებ“. ინფორმაციას, გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ „უპრეცედენტო მასშტაბის გამოძიება შეეხო ოფიცრებსა და სამოქალაქო პირებს“. მათივე ცნობით, ამ დრომდე მაღალი რანგის სამხედრო პირების ასეთი მასშტაბური შემოწმება არასდროს განხორციელებულა.
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ხელისუფლების მიერ ასეთი „ძალის დემონსტრირება მიმართული იყო არა მხოლოდ მათ გამოსავლენად, ვინც ინფორმაცია გაასაჯაროვა, არამედ მათ შესაშინებლადაც, ვინც, შესაძლოა, ეს მომავალში ჩაიდინონ“.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციისგან მკაცრად ითხოვდა ინფორმაციის წყაროების პოვნას და ამ ფაქტებს ღალატს უწოდებდა. თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი კი ხელს უწყობდა პენტაგონში უნდობლობისა და პარანოიის ატმოსფეროს შექმნას. გამოცემა აღნიშნავს, რომ მანამდე ჰეგსეტმა პოსტიდან გადააყენა ან აღარ დააწინაურა 80-ზე მეტი გენერალი და მაღალჩინოსანი.
ამასთან, CBS News-ის ინფორმაციით, შემოწმება არ შეჰხებია უშუალოდ გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ დენ კეინს.
პენტაგონის პრესმდივანმა, შონ პარნელმა კონკრეტულ გამოძიებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ უწყება საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვას უდიდესი სერიოზულობით ეკიდება.