„ნიუ იორკ თაიმსი“ - ჯონ ბოლტონის წიგნი ყოველგვარი სტილის გარეშეა დაწერილი და მოსაწყენი დეტალებით არის გავსებული
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ჯონ ბოლტონის წიგნი ყოველგვარი სტილის გარეშეა დაწერილი და მოსაწყენი დეტალებით არის გავსებული

„ნიუ იორკ თაიმსი“ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წიგნის „ოთახი, სადაც ეს მოხდას“ გამოხმაურებას აქვეყნებს და მას მოსაწყენს უწოდებს. როგორც „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში წერია, ბოლტონმა, რომელიც წლების განმავლობაში საერთაშორისო პოლიტიკაში ერთ-ერთ დიდ მოაზროვნედ ითვლება, მის წიგნზე პანდემიისა და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროცესების გავლენა ვერ გაითვალისწინა.

„თვალისმომჭრელი ირონიაა, რომ საერთაშორისო საკითხების ფიცხმა ხელმძღვანელმა ვერ შეძლო საკუთარი წიგნის მიმართ საფრთხეების თანავარსკვლავედის წინასწარ განჭვრეტა“, – წერია „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ წიგნი ყოველგვარი სტილისა და თხრობის ფორმის გარეშეა დაწერილი და მისი 500 გვერდი მოსაწყენი დეტალებით არის გავსებული. სტატიის ავტორის აზრით, წიგნი მთლიანად ბოლტონის მტრებს ეძღვნება, მათ შორის, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, ასევე ქვეყნის შიგნით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ჯიმ მეტისს.

„წიგნი სავსეა მედიდურობით, თუმცა რასაც წიგნიდან ვიგებთ არის ის, რომ ბოლტონი ვერაფრის მიღწევას ვერ ახერხებდა. წიგნი ზოგჯერ ძალიან მოსაწყენია, ზოგჯერ კი, ოდნავ გაურკვეველი“, – წერია სტატიაში.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში წერია, ბოლტონის თქმით, მისთვის ადმინისტრაციაში გადამწყვეტი მომენტი ირანის საკითხი გახდა, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ ამერიკული დრონის ჩამოგდებაზე საპასუხო შეტევა ბოლო მომენტში გააუქმა. ტრამპმა შეტევის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც გაიგო, რომ ამ შეტევას სულ მცირე 150 ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა, რაც, ტრამპის აზრით, არაპროპორციული პასუხი იქნებოდა. გამოცემა წერს, რომ ეს ბოლტონისთვის სრული მოულოდნელობა იყო.

„ბოლტონი ტრამპის მხრიდან ამ მოულოდნელი სიფრთხილისა და ადამიანობის გამოჩენის გამო აღშფოთებული იყო. ბოლტონი ინციდენტის შესახებ წერს: „ეს იყო ყველაზე ირაციონალური რამ, რაც კი რომელიმე პრეზიდენტს ჩემი თვალწინ გაუკეთებია“, – წერია სტატიაში.

„უცნაურია წიგნის კითხვა, რომელიც „ინტელექტუალური სიზარმაცის“ კრიტიკით იწყება ავტორისგან, რომელიც თავად სიღრმისეულად არაფერზე ფიქრობს“, – წერია „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, რათა არ დაიშვას მემუარების გამოქვეყნება. იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელის თანახმად, ჯონ ბოლტონის წიგნი, რომელიც თეთრ სახლში მისი მუშაობის პერიოდს ეხება, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს. ბოლტონის წიგნი „ოთახი, სადაც ეს მოხდა“ გაყიდვაში 23 ივნისს უნდა გამოვიდეს.