„ნიუ იორკ თაიმსი“ - ირანს ერთ თვეში პირველი ბირთვული ქობინის შექმნის შესაძლებლობა ექნება
„ნიუ იორკ თაიმსი“ - ირანს ერთ თვეში პირველი ბირთვული ქობინის შექმნის შესაძლებლობა ექნება

ირანს ერთ თვეში პირველი ბირთვული ქობინის შექმნის შესაძლებლობა ექნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს“ ანგარიშების შესწავლის შემდეგ, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბირთვული საწვავის გამდიდრებით, თეირანმა მიიღო შესაძლებლობა, ერთი ბირთვული ქობინისთვის საჭირო საწვავი აწარმოოს.

გამოცემა წერს, რომ არსებული ვითარება სავარაუდოდ აიძულებს აშშ-ს და მის მოკავშირეებს, ბირთვული შეთანხმების აღსადგენად იმუშაონ.

12 სექტემბერს, ირანის ხელისუფლებამ „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს“ ხელმძღვანელთან, რაფაელ გროსისთან მიაღწია დროებით შეთანხმებას, რომლის თანახმად, სააგენტო ირანის ბირთვული პროგრამის პროგრესის შესამოწმებლად სადამკვირვებლო მოწყობილობებს აამოქმედებს.

„საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება“ ირანს ურანის 3.7 პროცენტამდე გამდიდრებას ავალდებულებდა, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბირთვულ ელექტროსადგურზე.

შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის და ერთ-ერთი მთავარი ბირთვული სადგურის საბოტაჟირების შემდეგ, ირანმა ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრება დაიწყო. ბირთვულ საკითხზე აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები არ გამართულა.