„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპმა ირანის სამიზნეების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმებზე გადაწყვეტილება შეცვალა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპმა ირანის სამიზნეების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმებზე გადაწყვეტილება შეცვალა

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის სამიზნეების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების ბრძანება გასცა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ოპერაცია დაიწყო და საწყის ეტაპზე მიმდინარეობდა, როდესაც ამერიკელმა სამხედროებმა პრეზიდენტის ბრძანება მიიღეს.

„აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური წარმომადგენლები შეთანხმებულ სამიზნეებზე თავდასხმებს ელოდნენ, მათ შორის სარადარო და სარაკეტო სისტემებზე. თვითმფრინავები უკვე ჰაერში იყვნენ და გემებს პოზიციები ჰქონდათ დაკავებული, როდესაც უკან დახევის ბრძანება მოვიდა. დარტყმები გამთენიამდე უნდა განხორციელებულიყო“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.

ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ხანგრძლივი დისკუსიები გამართა მრჩევლებთან და კონგრესის ლიდერებთან. გამოცემის თანახმად, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი დონალდ ტრამპს მკაცრი პოზიციის გატარებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა კონგრესის ლიდერებმა ქვეყნის პრეზიდენტს ფრთხილად მოქმედება ურჩიეს. დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ირანმა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა.