„ნიუ იორკ თაიმსი“ – დონალდ ტრამპმა გადასახადის გადამხდელთა სახსრებიდან 20 მილიონი დოლარის გამოყენება ეროვნული ტელევიზიის სარეკლამო სივრცის შესაძენად პირადად დაამტკიცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადასახადის გადამხდელთა სახსრებიდან 20 მილიონი დოლარის გამოყენება ეროვნული ტელევიზიის სარეკლამო სივრცის შესაძენად პირადად დაამტკიცა. ფინანსები შუალედური არჩევნების წინ მისი პრეზიდენტობის ქებისთვის გამოიყენება, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების თანახმად, ტრამპს სურს რეკლამების ეთერში გაშვება და პირადად დაავალა მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორ რასელ ვოტს, ფედერალურ ბიუჯეტში საჭირო თანხების მოძიება.
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ 19 სექტემბერს, მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისმა საბაჟო და სასაზღვრო დაცვის ფონდებიდან 20 მილიონი დოლარი გადარიცხა ბიუჯეტის კატეგორიაში, სახელწოდებით „ერთი დიდი, ლამაზი კანონპროექტის აღსანიშნავი ღონისძიებები“.
მათივე ცნობით, ჯერჯერობით ეთერში ოთხი რეკლამა გავიდა, რომლებსაც კრიტიკოსები უკანონო სამთავრობო პროპაგანდას უწოდებენ. რეკლამები გავიდა Fox News-ზე, CNN-ზე და MS Now-ზე.
თეთრმა სახლმა მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ რეკლამები მიზანშეწონილია, რადგან ისინი არ მოუწოდებენ მაყურებლებს რომელიმე კანდიდატს მისცენ ხმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას აკრძალავდა. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება „მათი მუდმივი ყალბი რეპორტაჟებით“ ახსნა. მოგვიანებით მედიისთვის დაწესებულ რეგულაცია მოიხსნა.