„ნიუ იორკ თაიმსი“ – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან მრავალმილიარდიან ნავთობგარიგებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე თვეა, რუსეთთან მრავალმილიარდიან ნავთობგარიგებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.
გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, რომელიც რვა ანონიმურ წყაროს ესაუბრა, საქმე ეხება რუსული კომპანია „ლუკოილის“ გლობალურ აქტივებს, მათ შორის, ნავთობის საბადოებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ეს საკითხი უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარ მომლაპარაკებლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან 5 სექტემბერს კრემლში გამართული შეხვედრის დროს პირადად განიხილა.
ამ გარიგების მიღწევით დაინტერესებულია ამერიკელ და ახლო აღმოსავლელ ინვესტორთა ჯგუფი, რომელთა შორისაა ტრამპის პოლიტიკური პროექტების დამფინანსებელი. კერძოდ, ინვესტორი ტოდ ბოელი, რომელმაც ტრამპის პროექტებში ორი მილიონი დოლარი გადარიცხა.
როგორც გამოცემა ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით წერს, ეს გარიგება პუტინისთვის არის შესაძლებლობა, დაამტკიცოს, რომ რუსებს აშშ-თან ბიზნესის კეთება შეუძლიათ, ხოლო ამერიკული მხარისთვის კრემლთან ურთიერთობების დალაგებისა და გლობალური ენერგომატარებლების ფასების შემცირებისთვის.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, აშშ-ის მიერ გარიგების დამტკიცება და გაყიდვის ნებართვა „ლუკოილის“ აქტივებს სანქციებს მოუხსნიდა და მათ ღირებულებას მკვეთრად გაზრდიდა. თავად ტრამპმა თავისი მეორე ვადის დასაწყისში, ახალი სანქციები დაუწესა რუსულ ნავთობკომპანიებს, თუმცა ამ აქტივების გასაყიდად ვადები რეგულარულად გრძელდება.