„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას შეხვდება, რის შემდეგაც პუტინთან და ზელენსკისთან ერთობლივ შეხვედრას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთი პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მომავალ კვირას შეხვდება. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიასაშუალება წერს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი გეგმავს, პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი შეხვედრა გამართოს.
შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ ევროპელი ლიდერები.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბრისას ანონიმურმა წყარომ განაცხადა, ამერიკის პრეზიდენტმა ამ გეგმის შესახებ სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს უკვე აცნობა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, უცნობია, დათანხმდნენ თუ არა პუტინი და ზელენსკი ტრამპის გეგმას.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა. საუბარში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.