„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპი საკუთარი თავის შეწყალების საკითხს განიხილავდა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპი საკუთარი თავის შეწყალების საკითხს განიხილავდა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის თანაშემწეებთან საკუთარი თავის შეწყალების საკითხს განიხილავდა, – შესაბამის ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება წერს, საკუთარი თავის შეწყალების შესაძლებლობის საკითხი ტრამპმა მრჩევლებთან 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რამდენჯერმე განიხილა.

თეთრ სახლში აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მოქმედმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ მას აქვს აბსოლუტური უფლება, შეიწყალოს საკუთარი თავი.

გამოცემა ასევე წერს, რომ პრეზიდენტი საკუთარი ოჯახის წევრებისა და მრჩევლების, ასევე ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამშრომლის პრევენციულ შეწყალებას განიხილავდა.

ამასთან, როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ახალი ადმინისტრაცია მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებს.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა 20 იანვარს იწურება.

„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ აშშ-ის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ პრეზიდენტს საკუთარი თავი შეეწყალებინოს, ამიტომ სასამართლოს სისტემაში შესაძლო შეწყალების სამართლიანობა არასდროს განხილულა. სამართალდმცოდნეების მოსაზრებები გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, აღიარებს თუ არა სასამართლო ამგვარ შეწყალებას.