„ნიუ იორკ თაიმსი“ ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც შესაძლოა, უკრაინულ თვითმფრინავზე ორი რაკეტის შეჯახება იყოს ასახული
„ნიუ იორკ თაიმსი“ ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც შესაძლოა, უკრაინულ თვითმფრინავზე ორი რაკეტის შეჯახება იყოს ასახული

„ნიუ იორკ თაიმსი“ ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც გამოცემის ცნობით, ჩანს, რომ „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავს ირანის მიერ ნასროლი ორი რაკეტა მოხვდა.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებულია.

ორი რაკეტა თეირანის აეროპორტის სიახლოვეს მდებარე ობიექტიდან გაუშვეს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, პირველი რაკეტის მოხვედრის შემდეგ თვითმფრინავის ტრანსპოდერი გაითიშა. 23 წამში კი, სამგზავრო ლაინერს მეორე რაკეტა მოხვდა.

მიუხედავად ამისა, თვითმფრინავი არ ჩამოვარდნილა. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, მფრინავები ცდილობდნენ, ლაინერი აეროპორტში დაებრუნებინათ, თუმცა რამდენიმე წუთში თვითმფრინავი აფეთქდა და ჩამოვარდა.

ირანის მთავრობამ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა. 8 იანვარს მომხდარი ავიკატასტროფის შედეგად დაიღუპა 176 ადამიანი.