„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინის ომში დაღუპული ან დაშავებული უკრაინელი და რუსი ჯარისკაცების საერთო რაოდენობა 500 000-მდეა
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპული და დაშავებული ჯარისკაცების რაოდენობა 500 000-მდეა. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემა იუწყება, რომ უკრაინამ და რუსეთმა დაკარგეს სამხედროების დიდი რაოდენობა, რადგან კიევის კონტრშეტევა გრძელდება და ამას ასევე ემატება სწრაფი სამედიცინო დახმარების ნაკლებობაც.
როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, დაღუპულთა რიცხვი ძნელი გამოსათვლელია, რადგან მოსკოვი რეგულარულად არ ითვლის ომში დაღუპულებსა და დაშავებულებს, ხოლო კიევი ოფიციალურ ციფრებს არ ამხელს. ამასთან, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წელს ბრძოლა გაძლიერდა აღმოსავლეთ უკრაინაში და გაგრძელდა სტაბილურად, რადგან კონტრშეტევა, თითქმის სამი თვეა, გრძელდება.
„ნიუ იორკ თაიმსი” ასევე წერს, რომ რუსეთის სამხედრო დანაკარგები 300 000-ს უახლოვდება. რიცხვი მოიცავს 120 000 დაღუპულსა და 170 000-დან 180 000-მდე დაშავებულ ჯარისკაცს.
ანალიტიკოსების თქმით, უკრაინას დაახლოებით 500 000 ჯარისკაცი ჰყავს, მათ შორის მოქმედი, სარეზერვო და გასამხედროებული ჯარები. ამის საპირისპიროდ, რუსი ჯარისკაცების რაოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება უკრაინელებისას, რაც მოიცავს 1 330 000 მოქმედ, რეზერვისა და გასამხედროებულ ჯარს. ამ უკანასკნელის უმეტესობა „ვაგნერის“ დაჯგუფებიდანაა.
ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო საჯარო შეფასება მსხვერპლის შესახებ ნოემბერში გაკეთდა, როდესაც გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ ორივე მხრიდან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა ზამთარში და გაზაფხულზე, რადგან „ორმა ქვეყანამ აღმოსავლეთის ქალაქი ბახმუტი მკვლელობის ველად აქცია“. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, დღეში ასობით ჯარისკაცი იღუპებოდა ან ზიანდებოდა მრავალი კვირის განმავლობაში. მათივე თქმით, რუსებმა დიდი მსხვერპლი მიიღეს, მაგრამ ასევე უკრაინელებმაც, რადგან ისინი ცდილობდნენ, დაეკავებინათ მიწის ყოველი სანტიმეტრი მაისში, ბახმუტის დაკარგვამდე.
„ნიუ იორკ თაიმსი” ასევე წერს, რომ მიმდინარე ზაფხულს კიევის კონტრშეტევის პირველი კვირები განსაკუთრებით რთული იყო უკრაინისთვის.
„ადრეულ ფაზაში დასავლეთის მიერ გაწვრთნილი უკრაინის ჯარები იბრძოდნენ, რომლებიც იყენებდნენ „გაერთიანებულ საარმიო მანევრებს“ – ეს არის ბრძოლის მეთოდი, რომელშიც ქვეითი დანაყოფები, ჯავშანტექნიკა და არტილერია სინქრონიზებულადაა გამოყენებული“, – წერს გამოცემა.