„ნიუ იორკ თაიმსი“ – აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი სამშვიდობო გეგმაზე დათანხმების მიზნით დასავლელ მაღალჩინოსნებს რუსეთიდან მომდინარე სარაკეტო საფრთხეზე ესაუბრებოდა

13:53, 27.11.2025

აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი დასავლეთის სამშვიდობო გეგმაზე დათანხმების მიზნით დიპლომატებს რუსეთიდან მომდინარე სარაკეტო საფრთხეზე ესაუბრებოდა.

ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინაში ვიზიტისას დრისკოლმა დასავლელ დიპლომატებს განუცხადა, რომ ახლა რუსეთი საკმარის რაკეტებს აწარმოებს შორი მოქმედების იარაღის მარაგის შესავსებლად.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, დასავლელმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ დრისკოლის გზავნილი ნათელი იყო: აუცილებელია, სწრაფად იქნეს მიღწეული შეთანხმება რუსეთის მხრიდან სარაკეტო საფრთხის გამო, რომელიც შესაძლოა, უკრაინის ფარგლებს გასცდეს.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვინაიდან რუსეთის მხრიდან ძალის გაზრდა საგანგაშოა, დრისკოლის ამ გაფრთხილებამ გამოხმაურება გამოიწვია.

„ტრადიციულად, აშშ რუსეთს იარაღის მარაგის შექმნის გამო გააკრიტიკებდა, ნაცვლად იმისა, რომ მისი წარმოების შესახებ შეტყობინებები გამოეყენებინა ისეთი სამშვიდობო შეთანხმების გასაყიდად, რომელიც უკრაინისთვის არახელსაყრელია, რადგან ქვეყანა რუსული აგრესიის სამიზნეა“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველმა სამშვიდობო წინადადებამ ცვლილებები განიცადა, ძალაში რჩება ტრამპის ადმინისტრაციის არგუმენტი, რომ რუსეთს ომში უპირატესობა აქვს და უკრაინა მალე უნდა დათანხმდეს კონფლიქტის მოგვარებას.

მსგავსი