„ნიუ იორკ პოსტი“ - USAID-ის წარმომადგენელმა 550 მილიონ დოლარიან კორუფციულ სქემაში მონაწილეობა აღიარა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა 550 მილიონ დოლარიან კორუფციულ სქემაში მონაწილეობა აღიარა. ამის შესახებ „ნიუ იორკ პოსტი“ წერს.
ფედერალურმა კონტრაქტორმა და სამმა ბიზნესმენმა აღიარეს, რომ 550 მილიონ დოლარიან კორუფციულ სქემაში მონაწილეობდნენ, რომელიც ეხებოდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID).
მერილენდში მცხოვრები როდერიკ უოტსონი, რომელიც მუშაობდა USAID-ში, ბრალდებულია 1 მილიონ დოლარზე მეტი ქრთამის მიღებაში, რათა ორ კომპანიას, Apprio-ს და Vistan-ს, 14 მსხვილი ფედერალური კონტრაქტი გაეფორმებინა. ამით, როგორც გამოცემა წერს, უოტსონმა საკუთარი თანამდებობა ბოროტად გამოიყენა.
57 წლის უოტსონმა აღიარა თანამდებობის პირის მოსყიდვის ფაქტი და მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც გამოცემა წერს, განაჩენი მიმდინარე წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი.
გამოცემა დეტალურად აღწერს სქემას და აღნიშნავს, რომ სქემა რთული იყო და რამდენიმე ეტაპად ვითარდებოდა. კერძოდ, „ნიუ იორკ პოსტის“ ცნობით, უოტსონი, რომელიც USAID-ის კონტრაქტების ზედამხედველის თანამდებობაზე იყო, დათანხმდა გამოეყენებინა თავისი ზეგავლენა სააგენტოში, რათა შეკვეთები მიემართა დარილ ბრიტის კომპანია Apprio-სთვის ქრთამის სანაცვლოდ. 2018-2022 წლების პერიოდში, სქემა შეიცვალა. უოტსონმა დაიწყო კონტრაქტების გაცემა უოლტერ ბარნსის კომპანია Vistant-ისთვის, რომელიც Apprio-ს ქვეკონტრაქტორი იყო. გამოცემის ინფორმაციითვე, პოლ იანგი, რომელიც ორივე კომპანიის ქვეკონტრაქტორის პრეზიდენტი იყო, ასრულებდა შუამავლის ფუნქციას და ეხმარებოდა ქრთამის დამალვაში. სამივე მათგანმა თანამდებობის პირის მოსყიდვის ფაქტი აღიარა. ამასთან, ბარნსმა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული თაღლითობაც აღიარა.
როგორც „ნიუ იორკს პოსტი“ წერს, USAID-ის წარმომადგენელმა ქრთამის სახით მიიღო ნაღდი თანხები, კომპიუტერები, NBA მატჩების ძვირადღირებული ბილეთები, ორი საცხოვრებელი სახლის იპოთეკის წინასწარი გადასახადები, მობილური ტელეფონები, ნათესავებისთვის სამუშაო ადგილები.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კორუფციის დასაფარად გამოიყენებოდა: ფიქტიური კომპანიები, ყალბი ინვოისები და ყალბი ხელფასის გაწერები.
გამოცემის ცნობითვე, როდერიკ უოტსონს – 15 წლამდე, უოლტერ ბარნსს, დარილ ბრიტსა და პოლ იანგს კი 5-5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.