„ნიუ იორკ პოსტი“ - სახელმწიფო დეპარტამენტი ღაზაში პრეზერვატივების პროგრამის დაფინანსებას აჩერებს
„ნიუ იორკ პოსტი“ - სახელმწიფო დეპარტამენტი ღაზაში პრეზერვატივების პროგრამის დაფინანსებას აჩერებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ღაზაში პრეზერვატივების პროგრამის დაფინანსებას აჩერებს. კერძოდ, როგორც ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ პოსტი“ წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გადაწყვეტილება საგარეო დახმარების შეჩერების შესახებ, მათ შორის მოიცავდა ღაზაში პრეზერვატივების პროგრამისთვის გამოყოფილი მილიონობით დოლარის დაფინანსების შეწყვეტას. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესსპიკერმა განუცხადა.

„ნიუ იორკ პოსტის“ მიხედვით, ეს ინფორმაცია მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც თეთრ სახლში განმარტეს, რომ მართვისა და ბიუჯეტის ოფისის მიერ გამოცემული მემორანდუმი დროებით შეაჩერებს გრანტებს, სესხებსა და ფედერალური დახმარების პროგრამებს, ვიდრე არ შემოწმდება, შეესაბამება თუ არა ეს დაფინანსება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებებს.

„ეს საქმიანობა თუ არ ეწინააღმდეგება პრეზიდენტის პრიორიტეტებს, ის გაგრძელდება პრობლემების გარეშე“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

თეთრი სახლის ახალმა პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა თავის პირველ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა და მართვისა და ბიუჯეტის ოფისმა აღმოაჩინეს, რომ „50 მილიონი დოლარის გადარიცხვა იგეგმებოდა ღაზაში პრეზერვატივების დასაფინანსებლად“

„ეს გადასახადის გადამხდელთა ფულის აბსურდული ხარჯვაა. ეს პაუზა სწორედ ამაზეა ფოკუსირებული – გადასახადების გონივრულად განკარგვაზე“, – განუცხადა ლევიტმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დროებით შეაჩერა აშშ-ის საგარეო დახმარება. სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუბიო იწყებს „ყველა საგარეო დახმარების პროგრამის გადახედვას, რათა უზრუნველყოს მათი ეფექტურობა და შესაბამისობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ დღის წესრიგის ფარგლებში“.