„ნიუ იორკ პოსტი“ - კორონავირუსით დაავადებული აშშ-ის მოქალაქე ამბობს, რომ დონალდ ტრამპის მიერ რეკლამირებულმა მალარიის საწინააღმდეგო წამალმა სიკვდილისგან იხსნა
„ნიუ იორკ პოსტი“ - კორონავირუსით დაავადებული აშშ-ის მოქალაქე ამბობს, რომ დონალდ ტრამპის მიერ რეკლამირებულმა მალარიის საწინააღმდეგო წამალმა სიკვდილისგან იხსნა

ფლორიდის მცხოვრები, რიო ჯარდინიერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ რეკლამირებულმა მალარიის საწინააღმდეგო წამალმა სიკვდილისგან იხსნა. ამერიკულ გამოცემა „ნიუ იორკ პოსტში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, 52 წლის რიო ჯარდინიერი ამბობს, რომ კორონავირუს, „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შემდეგ, აღენიშნებოდა საშინელი ტკივილი ზურგში და თავში, ჰქონდა ხველა და დაღლილობის შეგრძნება. ვირუსის დადასტურების შემდეგ, ჯარდინიერის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჟანგბადი დაუყენეს. ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, ექიმებმა უთხრეს, რომ მათ მეტის გაკეთება აღარ შეეძლოთ და რიო ჯარდინიერი ოჯახის წევრებს დაემშვიდობა. შემდეგ მეგობარმა გაუგზავნა მას უახლესი სტატია ჰიდროქსიქლოროქინის შესახებ, რომელსაც მალარიის სამკურნალოდ იყენებენ ათწლეულების განმავლობაში.

„ნიუ იორკ პოსტის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთ ჩატარებულმა კვლევებმა „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში წამლის პერსპექტიულობა დაადგინა, თუმცა ის არ იყო დამტკიცებული ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიერ. გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას“ დაავალა, სწრაფ ვადებში შეემოწმებინა ჰიდროქსიქლოროქინი და მასთან დაკავშირებული წამალი „ქლოროქინი“, როგორც „კოვიდ 19“-თან ბრძოლის საშუალება. ჯარდინიერიმ განაცხადა, რომ იგი დაუკავშირდა ინფექციური დაავადების ექიმს, ამ პრეპარატის შესახებ. თავდაპირველად, ექიმმა „ქლოროქინის“ გამოყენების ნებართვა არ მისცა, რადგან საკმარისი შემოწმება და გამოცდა ჩატარებული არ იყო, თუმცა მოგვიანებით ექიმმა წამლის გამოყენების ნებართვა გასცა. ტაბლეტების მიღებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ჯირდინერიმ თქვა, რომ გულისცემის მომატება იგრძნო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მას კიდევ ერთი ეპიზოდი ჰქონდა, როდესაც სუნთქვა გაუჭირდა. ჯარდინიერის თქმით, მას „ბენადრილსა“ და სხვა პრეპარატებს აძლევდნენ და  დილის 4:45 საათზე, როდესაც გამოიღვიძა, თავს გრძობდა „ისე, თითქოს არაფერი მომხდარა“. მას შემდეგ პაციენტს სიცხე და ტკივილი არ ჰქონია და კვლავ შეუძლია სუნთქვა.

ჯარდინიერის განცხადებით, ექიმებს მიაჩნიათ, რომ მის მიერ გამოვლენილი ეპიზოდები არ იყო რეაქცია მედიკამენტებზე, ეს გახლდათ სხეულის ვირუსთან ბრძოლა. ჯარდინიერი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც ლოს ანჯელესის მაღალი დონის რესტორნებისთვის სამზარეულოს მოწყობილობებს აწარმოებს. როგორც პაციენტი ამბობს, გასული დღეების განმავლობაში მედიკამენტების სამი დოზა მიიღო და იმედოვნებს, რომ საავადმყოფოდან ხუთ დღეში გაწერენ.

„წამალმა ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა“, – აცხადებს რიო ჯარდინიერი. „ნიუ იორკ პოსტის“ სტატია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გააზიარა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და დაწერა, რომ პრეპარატს შესანიშნავი ადრეული შედეგები აქვს და მისი გამოყენება 24 მარტიდან ნიუ იორკში და სხვა ადგილებში დაიწყება.