ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდა
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდა

ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდა. დაკავებული გ.მ-ს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლის ნაცვლად, 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.მ-ს უკვე ორი ან მეტი პირის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის მოუწევს პასუხისგება. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ შსს-ში.

მკვლელობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში 11 აგვისტოს მოხდა. ადგილობრივმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა სტუმრებს პ.მ-ს და ს.პ.-ს, ორივე პირი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 1974 წელს დაბადებული პ.მ. და 1983 წელს დაბადებული ს.პ. რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის, მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

გ.მ. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.