ნინო ზაუტაშვილი - როგორც კი მოვიდა მაუწყებელში ის დირექტორი, ვინც მოვიდა, იმ წუთასვე წავიდა დაბლა რეიტინგი
ნინო ზაუტაშვილი - როგორც კი მოვიდა მაუწყებელში ის დირექტორი, ვინც მოვიდა, იმ წუთასვე წავიდა დაბლა რეიტინგი

იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის ყველა ფუნქციას შეასრულებს, – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემის „რეალური სივრცე“ ავტორმა და წამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა საია-ს კვლევის – „რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

„ეს კვლევა იყო აუცილებელი. საზოგადოებამ უნდა აკონტროლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანხების ხარჯვაც, პრიორიტეტების შესრულებაც, ეს არის საზოგადოების მოვალეობა, საზოგადოების ინტერესი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ერთიორად მაღალი უნდა იყოს“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

რაც შეეხება იმ შედარებებს, რომელიც კვლევაში იყო მოყვანილი და, რომლის მიხედვითაც, შედარებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი სხვადასხვა უწყებებსა და სამედიცინო პროგრამებზე დახარჯულ თანხებთან, ნინო ზაუტაშვილი ამბობს, რომ ასეთი ტიპის შედარებები ცოტა გადაჭარბებულია.

„საზოგადოებრივი სიკეთის შეფასება ცოტა რთული თემაა. ბევრი რამ არის საკამათო, რადგან ასე შეიძლება ვიკამათოთ, რამდენად გვჭირდება პარლამენტი, სამინისტრო და ასე შემდეგ. ამ იდეას ძალიან დიდი მისია აკისრია. უნდა გავაცნობიეროთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ადგილი, სადაც ყველას გვაქვს უფლება, ვთქვათ ჩვენი პრობლემების შესახებ. თანხებთან დაკავშირებით კამათიც შეიძლება, ოღონდ ვფიქრობ, რომ პრიორიტეტები უნდა იყოს მკაცრად გაწერილი და შესრულებული“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა ვებრძოლოთ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, არამედ პრობლემის სათავეს.

„აქ მთავარია, ვინ აკეთებს და არა – რა კეთდება. როგორც კი მოვიდა ის დირექტორი, ვინც მოვიდა, იმ წუთასვე წავიდა დაბლა რეიტინგი“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა საია-ს კვლევის პრეზენტაციაზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) კვლევის – „რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი?“ პრეზენტაცია დღეს გამართა.