ნინო ზაუტაშვილი - ეს GDS არ არის, ეს საზოგადოებრივი ტელევიზიაა, მასკარადს ნინო ზაუტაშვილი არ აწყობს, თუ მასკარადზე წავიდა, უარეს მასკარადსაც მოვაწყობ [ვიდეო]

პირველ არხში ზოგიერთი თანამშრომლისთვის სამუშაო პირობების შეცვლასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი პროფკავშირებსა და იმ თანამშრომლების ნაწილს შეხვდა, ვისაც ხელშეკრულების ცვლილება შესთავაზეს.

მენეჯმენტის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი სეზონის ეფექტიანად წარმართვის მიზნით მიიღეს. თანამშრომლების ნაწილი შეცვლილი კონტრაქტით გამოძახების შემთხვევაში გადასაღები დღეების ოდენობის მიხედვით მიიღებს ანაზღაურებას, გამოძახება საჭიროების მიხედვით მოხდება.

წინადადება აღნიშნული თანამშრომლებისა და პროფკავშირებისთვის მიუღებელია. ისინი აცხადებენ, რომ შეთავაზება პრაქტიკულად სამსახურიდან გათავისუფლებას უდრის, ვინაიდან არსად კონკრეტდება, რამდენი დღით მოხდება თანამშრომლების გამოძახება სამსახურში. ასევე მათთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მოხდა იმ თანამშრომლების შერჩევა, ვისაც ცვლილება ეხება.

პროფკავშირების თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილი აცხადებს, რომ საკითხი სასამართლო განხილვის საგანი გახდება. მისივე თქმით, პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

შეხვედრა კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

ვასილ მაღლაფერიძემ შეხვედრაზე ნინო ზაუტაშვილს მიმართა: „ნუ ცდილობთ ყველაფრისგან მასკარადის გაკეთებას. თქვენი ყველა მეორე წინადადება არის ტყუილი“.

„ეს GDS არ არის, ეს არის საზოგადოებრივი ტელევიზია და მასკარადს ნინო ზაუტაშვილი არ აწყობს… თუ მასკარადზე წავიდა, უარეს მასკარადსაც მოვაწყობ“, – მიმართა ნინო ზაუტაშვილმა პირველი არხის გენერალურ დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს.