ნინო წილოსანი – უცნაურია, რამ აღაშფოთა ევროპელი ბიუროკრატები, მათი განცხადებები ეხმიანება უსუსურ მცდელობას, რომელიც რადიკალებს აქვთ, სასამართლოზე რამენაირად თავი გაიმართლონ

12:56, 23.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ თავად ამ პარტიების წარმომადგენლებიც ყველა განცხადებით ადასტურებენ იმ სარჩელს და ბრალს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ ჯერზე უნდობლობას აცხადებენ და სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ თავდასხმის მცდელობები აქვთ.

„მეორე მხრივ, მუდმივად გარე დახმარებას იშველიებენ. გარედან წამოსული განცხადებებიც ვიხილეთ, რომლებიც ამ უსუსურ მდგომარეობაში მყოფ რადიკალურ ჯგუფებს გარედან ამხნევებს. ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც გამოჩნდა, მათი მხრიდან პროცესის გაწელვის მცდელობაა. სრულიად დაუსაბუთებლად და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე შუამდგომლობებს ითხოვენ და მოსამართლეების მხრიდან დაზუსტების მცდელობა უშედეგოდ სრულდება, რადგან მათ რისი მოთხოვნის სურვილიც აქვთ, არანაირი არგუმენტები არ გააჩნიათ. ეს ერთადერთი ტაქტიკაა, რომელიც მათ აქვთ, რადგან ტაქტიკა, რომ თავი გაიმართლონ, ნამდვილად ვერ ექნებათ.

შესაბამისად, უკვე სასამართლო განხილვის მეორე ეტაპზე გადავდივართ, რომელიც კიდევ უფრო უკეთ დაანახებს ჩვენს მხარდამჭერებს, რა ბრალი წარუდგინა „ქართულმა ოცნებამ“ და რატომ უნდა აიკრძალონ აღნიშნული პარტიები. ათწლეულების მანძილზე, ოპოზიციური პარტიების ნაცვლად, რევოლუციური პარტიები და დაჯგუფები გვყავდა, რომლებიც მათი აღზევების თუ ვარდნის პერიოდში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ახორციელებდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ხელისუფლებაში იყვნენ თუ ხელისუფლება დაკარგეს. ყოველ ჯერზე შეგვიძლია, დასაბუთება მოვიტანოთ და შესაბამისი სარჩელია წარდგენილი, რა ზიანს და მავნებლობას აყენებდნენ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ პარტიების ცნობა ანტიკონსტიტუციურად მინიმუმია, რომელიც, ერთი მხრივ, ქართველ ამომრჩეველს და ქართულ საზოგადოებას დავპირდით, მეორე მხრივ, ეს ჩვენი ვალდებულებაა კონსტიტუციის წინაშე, რადგან ყველა ის სუბიექტი, რომელიც  კონსტიტუციურ ნორმებს არღვევს, შესაბამისად, პასუხისმგებელი უნდა იყოს“, – განაცხადა წილოსანმა.

წილოსანის თქმით, უცნაურია, რამ აღაშფოთა ევროპელი ბიუროკრატები, მათი განცხადებები ეხმიანება რადიკალების უსუსურ მცდელობას სასამართლოზე, რამენაირად თავი გაიმართლონ.

„რაც შეეხება საერთაშორისო კრიტიკას, უცნაურია, რამ აღაშფოთა ევროპელი ბიუროკრატები, ეუთო, „ალდე“, ევროკომისიის სპიკერი,   მათ საკუთარ მაგალითზე აქვთ პარტიების აკრძალვა განხორციელებული. ანტიკონსტიტუციურობიდან გამომდინარე, ევროპაში, ევროკავშირის ქვეყნებში ათეულობით პარტია შეიძლება დასახელდეს, რომლებიც აიკრძალა და არამხოლოდ, მათ შორის, კანდიდატ სახელმწიფოებში და იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ამ შემთხვევაში მათი მხრიდან ამ მართლაც რომ დანაშაულებრივი და ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური დაჯგუფებების მხარდაჭერას ვხედავთ. მათი განცხადებები მხოლოდ იმ უსუსურ მცდელობას ეხმიანება, რომელიც ამ რადიკალებს აქვთ სასამართლოზე, რომ რამენაირად თავი გაიმართლონ. პროცესი იმდენად სამართლებრივია, რომ წარმოუდგენელია, ამას პოლიტიკური შეფასებები სჯობდეს“, – აღნიშნა წილოსანმა.

მსგავსი