ნინო წილოსანი - შსს-სგან აუცილებლად მოვისმენთ ინფორმაციას, უფრო ეფექტურად რატომ ვერ მოხერხდა გუშინდელი დღის მართვა
ნინო წილოსანი - შსს-სგან აუცილებლად მოვისმენთ ინფორმაციას, უფრო ეფექტურად რატომ ვერ მოხერხდა გუშინდელი დღის მართვა

შსს-სგან აუცილებლად მოვისმენთ ინფორმაციას, უფრო ეფექტურად რატომ ვერ მოხერხდა გუშინდელი დღის მართვა, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, გუშინ ძალადობის ჩამდენი ყველა პირი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და დასჯილი.

„გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო და ჩვენ, როგორც მმართველი გუნდი, მოვითხოვთ, კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობისა და პოლიტიკური ვალდებულების ფარგლებში, ყველა პირი იყოს იდენტიფიცირებული და დასჯილი. გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო მსგავსი პროცესების მართვის კუთხით და შს სამინისტროსგან აუცილებლად მოვისმენთ ინფორმაციას, რამდენად ეფექტურად, ან რატომ ვერ მოხერხდა უფრო ეფექტურად გუშინდელი დღის მართვა, რომ ამდენი ჟურნალისტი, მოქალაქე თუ ტურისტი არ მოხვედრილიყო ამ რაღაც ძალიან მძიმე გაუგებრობაში. მეორე მხრივ, ალბათ, ბევრი გვაქვს სამუშაო ცნობიერების ამაღლებაზე, რადგან ის ადამიანები, ვინც გუშინ იყვნენ გამოსული, გარკვეულწილად, წახალისებული იყვნენ სხვა უფრო მეტი ადამიანის მოთხოვნით, რომ მათგან განსხვავებული ადამიანების, თუნდაც ლგბტ თემის უფლება უნდა შეზღუდულიყო.

მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა იმ პოლიციელს, ვინც ჟურნალისტებთან ერთად იდგა და იცავდა. აქ არ არის საუბარი სტრუქტურაზე, საუბარია იმ კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც იქ ჟურნალისტებს იცავდნენ. შესაძლოა, არ იყო პოლიციის ის რაოდენობა, რომ სათანადოდ უზრუნველეყოთ ყველა ადამიანის უსაფრთხოება და ამდენი დაზარალებულიც ამის გამოა.

ჩვენ აუცილებლად უნდა მოვისმინოთ შს სამინისტროს ინფორმაცია, რამდენად ეფექტურად ხდებოდა გუშინდელი დღის მართვა“, – განაცხადა წილოსანმა.

დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მხოლოდ იმას ისახავდა მიზნად, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო.

„ის, რომ ოპოზიციური ძალები ყველა შემთხვევაში ითხოვენ პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრის თუ სხვების გადადგომას, ამ ფაქტს აპრიორი ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოება ვერ მივიღებთ, ვიდრე არ მოვისმენთ შს სამინისტროს პოზიციას, თუ რა და რატომ გაკეთდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა, თუმცა პრემიერ-მინისტრიც იმას ამბობდა, რომ ქვეყნის რელიგიური ტრადიციიდან გამომდინარე, გარკვეულ დიდ ჯგუფებს აქვთ წინააღმდეგობრივი პოზიციები ამ აქციასთან დაკავშირებით და ყველა ცდილობდა იმის ახსნას, რომ იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო სხვა ლოკაციის შერჩევა, რათა ეს დაპირისპირება არ მომხდარიყო. ეს ეხება პრემიერის განცხადებასაც, რაც მიზნად მხოლოდ იმას ისახავდა, რომ მსგავსი დაპირისპირება არ მომხდარიყო“, – განაცხადა წილოსანმა.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

ამასთან, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია რვა პირი.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.