ნინო წილოსანი - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე იყო ოჯახური ღირებულებების, სულელი არავინ არის, ხაბეიშვილის არავის სჯერა
პარლამენტში არაერთი მნიშვნელოვანი განხილვა გვქონდა და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე იყო ოჯახური ღირებულებების. სულელი არავინ არის, ხაბეიშვილის ნამდვილად არავის სჯერა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წერილზე დაუსვეს კითხვა.
„არ შეიძლება, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებას ჩვენთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. ეს ადამიანი განსაკუთრებით გამოირჩევა უგუნური ქმედებებით. მის ერთ „პოსტში“ კარგად ჩანს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებზე საუბრობს. თავად ამბობს, „ქალი ქალია, კაცი კაცია“, თუმცა ასევე ამბობს, რომ ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ გვთხოვსო. მისი პირველივე წინადადებიდან მიხვდებით, რამდენ ტყუილს მოიცავს. ქალი რომ ქალია, კაცი – კაცი და ოჯახი რომ ქალისა და კაცის ერთობაა, მათი მხრიდან ამ პრინციპებს არანაირი მხარდაჭერა არ უნახავს. პარლამენტში არაერთი მნიშვნელოვანი განხილვა გვქონდა და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე იყო ოჯახური ღირებულებების. ეს ადამიანები უცხოეთში პატრონებს აზიზღებდნენ ქართველ ხალხს, რომლებმაც ოჯახური ღირებულებები ავირჩიეთ. მათთვის ეკლესიაც და ოჯახიც ის სოციალური და რელიგიური ნორმაა, რომელსაც პირდაპირ უნდა ებრძოლონ. ამ ქვეყანაში სულელი არავინ არის, ხაბეიშვილის ნამდვილად არავის სჯერა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა მისი წერილი. როგორც ხაბეიშვილი წერილში აღნიშნავს, „საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო, არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა“. ხაბეიშვილი ასევე წერს: „ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას“.