ნინო წილოსანი – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბედნიერები არიან, რომ „ინტერ რაოს“ დასანქცირებით ელექტრომომარაგების პრობლემა შეიქმნას, გარწმუნებთ, სახელმწიფო საზოგადოების ინტერესებს დაიცავს
„ინტერ რაოს“ დასანქცირება ის საკითხია, რომელსაც სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით უდგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია „ინტერ რაოს“ დასანქცირებასთან დაკავშირებით.
„ეს კიდევ ერთი მაგალითია „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი მმართველობის. ისინი ოკუპანტს როცა სტრატეგიულ ობიექტებს გადასცემდნენ, მაშინაც კარგად იცოდნენ, რამხელა ნაღმის და საფრთხის მატარებელი იყო. ეს ნაღმები პერიოდულად ფეთქდება ხოლმე. ამ შემთხვევაში „ინტერ რაოს“ დასანქცირება ის საკითხია, რომელსაც სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით უდგება. დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა შემთხვევაში, ახლაც საზოგადოებას ამ რისკებისგან დავიცავთ, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ტელევიზიებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ამ თემაზე ისაუბრონ და „ინტერ რაოს“ დასანქცირების გამო ვითომ საზოგადოების რისკებზე ნერვიულობენ. ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ მათ გულებში კიდევ ერთი სიხარულია, რომ საზოგადოების წინააღმდეგ მორიგი დივერსია განხორციელდეს. როცა ოკუპანტს სტრატეგიულ ობიექტებს გადასცემდნენ, ბოლომდე ამართლებდნენ და ახლაც ბედნიერები არიან, რომ „ინტერ რაოს“ დასანქცირებით ელექტრომომარაგების კუთხით პრობლემა იყოს. გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს დაიცავს“, – აღნიშნა წილოსანმა.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია „ინტერ რაოს“ (Inter RAO UES) სანქციები დაუწესა. Inter RAO UES-ი ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V.-ის 100 %-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელია. თავის მხრივ, Silk Road Holdings-ი კომპანია „თელასის“ აქციათა 75.108%-ს და კომპანია „თელმიკოს“ აქციათა 75.471%-ს პირდაპირ ფლობს. ამასთან, Inter RAO UES-ი ასევე ნიდერლანდებში რეგისტრირებული Gardabani Holdings B.V.-ის 100%-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელია. Gardabani Holdings-ი კი, თავის მხრივ, პირდაპირ სრულად ფლობს „ხრამჰესი I“-სა და „ხრამჰესი II“-ს. „თელასი“ და „ხრამჰესი 1/2“ Inter RAO UES-მა წინა ხელისუფლებების დროს, 2003 და 2011 წლებში შეიძინა.