ნინო წილოსანი – გუშინ ვნახეთ კანონის უზენაესობა, როგორც კი პირველწყარო, ტერორისტული პარტიების ოფისები იყო აღმოჩენილი და ამოიღეს საბრძოლო მარაგები, აქციამ მშვიდობიანი სახე მიიღო

16:37, 05.12.2024

გუშინ კანონის უზენაესობა ვნახეთ. როგორც კი პირველწყარო – ტერორისტული პარტიების ოფისები იყო აღმოჩენილი, ამოიღეს საბრძოლო მარაგები, აქციამ მშვიდობიანი სახე მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, სახელმწიფო გადატრიალება ერთ-ერთი უმაღლესი კატეგორიის დანაშაულია და ვინც ამას პირდაპირ თუ ირიბად უწყობს ხელს, ამაზე პასუხისმგებელია.

„ვუყურებდით, როგორ დათარეშობდა მავნებლების ბანდა, როგორ აწიოკებდნენ ქალაქს, როგორ ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებს. გუშინ კანონის უზენაესობა ვნახეთ. სამართალდამცველების მხრიდან წყაროების აღმოჩენა მოხდა, რითიც ეს ძალადობა ხალისდებოდა, მათ შორის, პარლამენტის გადაწვისა და პოლიციელების დაზიანების მცდელობა. როგორც კი პირველწყარო – ტერორისტული პარტიების ოფისები იყო აღმოჩენილი და საბრძოლო მარაგები ამოიღეს, გუშინ აქციამ მშვიდობიანი სახე მიიღო. სახელმწიფო გადატრიალება ერთ-ერთი უმაღლესი კატეგორიის დანაშაულია და ვინც ამას პირდაპირ თუ ირიბად უწყობს ხელს, ამაზე პასუხისმგებელია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გუშინ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში. სამართალდამცველებმა ოფისებიდან, დაკავებული ექვსი პირის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მსგავსი