ნინო წილოსანი გურიაში „ქართული ოცნების“ წევრების „ევროპულ საქართველოში“ გადასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
ნინო წილოსანი გურიაში „ქართული ოცნების“ წევრების „ევროპულ საქართველოში“ გადასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ წევრების „ევროპულ საქართველოში“ გადასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

პირველ არხთან საუბარში წილოსანი „ევროპული საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკიდურესი პოლიტიკური იმედგაცრუების შედეგად, გიგი უგულავა თავის მომხრეებზე ამბობს, თითქოს, „ქართული ოცნების“ ცხრა მხარდამჭერი „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.

„გიგი უგულავას შეუძლია, თავის პარტიას ჩვენი ცხრა „მხარდამჭერი“ ასეთივე წარმატებით ხვალაც „შეუერთოს“, თუმცა „ევროპული საქართველოს“ რიგები რეალურად არც ერთი წევრით არ გაიზრდება. ამ ადამიანების ნაწილი „ქართული ოცნების“ წევრი და ჩვენი გამოკვეთილი მხარდამჭერი არასდროს ყოფილა, ნაწილი კი მსგავს ფაქტს საერთოდ უარყოფს. „ევროპული საქართველოს“ აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას ჰგავს, სადაც ამტკიცებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრი ოპოზიციას შეუერთდა. ორივე ოპოზიციური პარტიის სტილი დაცულია და სიცრუეს ეფუძნება“, – განაცხადა წილოსანმა.

დღეს, ლანჩხუთში გიგი უგულავამ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინა, რომლებიც მისი ინფორმაციით, გურიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ.