ნინო წილოსანი – გიორგი ბარამიძის განცხადება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ფაქტობრივად ტერაქტის ტოლფასია

12:57, 06.08.2026

„ნაცმოძრაობის“ მავნებლობას საზღვარი არ აქვს. ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ გაიბრძოლონ, ქართველ ჯარისკაცებს ომის დანაშაული დააბრალონ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გააფუჭონ და ხალხთა შორის ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი ზიზღი და სიძულვილი ჩანერგონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე, რომ „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, გია ბარამიძე რადიკალი „ნაცია“, რომელიც ანტიქართულ საქმეს ემსახურება.

„გიორგი ბარამიძის განცხადება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ფაქტობრივად ტერაქტის ტოლფასია. ეს იმ ფონზე, როცა მათ ანტიქართული კამპანია აქტიურად აქვთ დაწყებული და ამ ყველაფერს ეს განცხადება ზემოდან დაემატა. „ნაცმოძრაობის“ მავნებლობას საზღვარი არ აქვს. გია ბარამიძე მათი მავნებლური პოლიტიკის ერთ-ერთი შემოქმედია. მის სახელს უკავშირდება არაერთი ის სამარცხვინო ლაქა, რომელიც ამ პარტიას აქვს. ეს ადამიანი ერთ-ერთი რადიკალი „ნაცია“, რომელიც ანტიქართულ პოლიტიკას ემსახურება. ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ გაიბრძოლონ, ქართველ ჯარისკაცებს ომის დანაშაული დააბრალონ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გააფუჭონ და ხალხთა შორის ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი ზიზღი და სიძულვილი ჩანერგონ.

ეს ადამიანები ანტიქართულ საქმეს აკეთებენ, ბოროტმოქმედ ძალასთან გვაქვს საქმე. ეს იმ დავალების ნაწილია, რითაც საქართველოში მშვიდობა არ უნდა იყოს, ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა აღდგეს და ოკუპაციის პრობლემა არ უნდა გადაიჭრას. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. ეს არ ყოფილა არავითარი წამოცდენა, ეს მხოლოდ გია ბარამიძის განცხადება არ არის. როცა აფხაზეთზე საუბრობენ, მათი განცხადება იქითკენ არის მიმართული, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ზიზღი გააღვივონ“, – განაცხადა წილოსანმა.

მსგავსი