ნინო წილოსანი – ფაშისტური დაჯგუფება აორგანიზებს ძალადობას, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიმართ, ამ ფაქტს ყურადღება უნდა მიაქციოს საერთაშორისო საზოგადოებამ

17:20, 09.09.2025

თბილისში მცირერიცხოვანი ფაშისტური დაჯგუფება გადაადგილდება და სხვადასხვა ფორმის ძალადობას აორგანიზებს, მათ შორის პოლიციელების, პარტიის მხარდამჭერების, მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანი მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„გუშინ ვიხილეთ, ფაშისტური დაჯგუფება როგორ მივარდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში, შეურაცხყოფდნენ და პროვოცირებდნენ იქ მყოფ ადამიანებს. ამ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საერთაშორისო საზოგადოებამ და დააფიქსირონ, რადიკალები საარჩევნო გარემოს როგორ შეურაცხყოფენ, პროვოცირებენ. ისეთი მასშტაბის ძალადობის პირობებში, რასაც ახორციელებენ, არც პოლიტიკოსებს არ გვაქვს თმენის ვალდებულება, არათუ მოქალაქეებს. სწორედ მოქალაქეებმა გასცეს პასუხი იქ მივარდნილ საზოგადოებას, რომლებიც ვითომ სიმღერით მმართველი პარტიის წარმომადგენლებს აგინებდნენ. საყვარლად ამბობთ, მღეროდნენო, რეალურად კი დედას იგინებოდნენ. ქართველები დედის გინებაზე როგორ რეაგირებენ, შეგიძლიათ, ტრადიცია იხილოთ. მოძალადე ჯგუფებში ქალებს გამოჰყოფთ, რომლებიც ჩვენს მხარდამჭერებს ყველაზე ომახიანად აგინებდნენ და ყველაზე უმსგავსოდ იქცეოდნენ. გინდათ, რომ ეს ყველაფერი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობა, ისე გაიტანოთ, მაგრამ, რეალურად, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ იმ ქალებს აყენებთ, რომლებიც მართლა ძალადობის ქვეშ არიან ოჯახებში თუ სხვადასხვა პარტნიორულ ურთიერთობაში. გაერკვიეთ საქმეში და იცოდეთ, როგორი სტანდარტი დაიცვათ, რომ მოძალადე, ფაშისტურ აქტივიზმში ჩართული ადამიანები, მათ შორის ქალები და კაცები მსხვერპლად არ გამოიყვანოთ. ისინი არა მსხვერპლნი, არამედ მოძალადეები იყვნენ. ყველაფერი თავიდან ბოლომდე მაქვს ნანახი. ფაშისტები იყვნენ ქალებიც და კაცებიც. სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაში ეს ფაშისტური დაჯგუფება ქალებითაც არის დაკომპლექტებული“, – განაცხადა წილოსანმა.

მსგავსი