ნინო წილოსანი - „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი მილევად რეჟიმშია, ყოველ მომდევნო არჩევნებში უფრო ნაკლებ მხარდაჭერას იღებენ
ნინო წილოსანი - „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი მილევად რეჟიმშია, ყოველ მომდევნო არჩევნებში უფრო ნაკლებ მხარდაჭერას იღებენ

„ევროპული საქართველოს“ რეიტინგი მილევად რეჟიმშია, ყოველ მომდევნო არჩევნებში სულ უფრო ნაკლებ მხარდაჭერას იღებენ. ამიტომ ამ სასოწარკვეთას კარგად დაასრულებს, თუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებაზე, რომელმაც არ გამორიცხა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.

„გიგა ბოკერიას განცხადება, რომ შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადონ თვითმმართველობის არჩევნებს, გასაკვირი არ არის. მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია. ყოველ მომდევნო არჩევნებზე ისინი უფრო და უფრო ნაკლებ მხარდაჭერას იღებენ ჩვენი მოქალაქეებისგან. ამიტომ ამ სასოწარკვეთას ალბათ კარგად დაასრულებს ის ფაქტი, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

აქციებს რაც შეეხება, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ვაღიარებთ და ვემხრობით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ის აქციები, რასაც ისინი აანონსებენ, მიზნად ერთადერთს ისახავს – დესტრუქცია გამოიწვიონ ან ძალადობრივი გზით მიაღწიონ შედეგს, რასაც არჩევნების გზით ვერ აღწევენ. ამიტომ არჩევნების, ხალხის ნების გამოხატვის ალტერნატივა ძალადობრივი დემონსტრაციები ვერასდროს იქნება. რაც არ უნდა დააანონსონ მათ, ამ განცხადებას სერიოზულად ვერ მივიჩნევ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩევლის, მათ შორის ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი ძალადობრივ სცენარებს, რომელსაც ისინი სთავაზობენ, არ ეთანხმება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.