ნინო წილოსანი - არ შეიძლება, ბრიუსელის რიგი წარმომადგენლები რევოლუციურ სცენარებს იწონებდნენ, ადრე თუ გვიან, ამ მოცემულობას ბოლო მოეღება და მეგობრულ ურთიერთობებზე გადავლენ
არ შეიძლება, ბრიუსელის რიგი წარმომადგენლები სხვა ქვეყნებში რევოლუციურ სცენარებს იწონებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ადრე თუ გვიან, ამ მოცემულობას ბოლო მოეღება და მეგობრულ, პარტნიორულ დემოკრატიულ ფორმატში ურთიერთობებზე გადავლენ“.
„წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობაა, ცივილიზებული ქვეყნის წარმომადგენელი იყო და ვანდალიზმზე, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებზე რეაგირება არ გქონდეს. ამის საპირისპიროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რიგი დიპლომატი და უცხოელი აქტორი ამ ყველაფერს ახალისებდა და მხარდაჭერას უცხადებდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი. არ მჯერა, რომ რომელიმე ქვეყანაში ამის მეასედი მოხდეს და მათ მკაცრი, შეუბრალებელი დამოკიდებულება არ ჰქონდეთ. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ისინი ამ ყველაფერს ახალისებენ. იმის მიუხედავად, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია სავალალო მდგომარეობაშია და ჩიხშია შესული, არ შეიძლება, ეს დიდი ხანი გაგრძელდეს. არ შეიძლება, ბრიუსელის რიგი წარმომადგენლები სხვა ქვეყნებში რევოლუციურ სცენარებს იწონებდნენ. ადრე თუ გვიან, ამ მოცემულობას ბოლო მოეღება და მეგობრულ, პარტნიორულ დემოკრატიულ ფორმატში ურთიერთობებზე გადავლენ, როცა ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, მოსახლეობის არჩევანს, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას აღიარებენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.