ჭუბერის რწმუნებული - სტიქიის გამეორების რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მთავარი საფრთხე ჩავლილია
ჭუბერის რწმუნებული - სტიქიის გამეორების რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მთავარი საფრთხე ჩავლილია

სტიქიის გამეორების რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ყველა სპეციალისტი გვეუბნება, რომ მთავარი საფრთხე ჩავლილია, – ამის შესახებ პირველ არხს ჭუბერის რწმუნებულმა, ნინო ვიბლიანმა განუცხადა.

როგორც ვიბლიანმა აღნიშნა, ის ჭუბერის ცენტრში იმყოფება, რომელიც გარესამყაროს ფაქტიურად მოწყვეტილია.

„წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს რა მოხდება, თუმცა მაინც ყველა უწყება და სპეციალისტი გვეუბნება, რომ მთავარი საფრთხე ჩავლილია. ახლა ჭუბერის ცენტრში ვიმყოფები, ეს ადგილი ფაქტიურად, გარე სამყაროს მოწყვეტილია, თუმცა აქ მოსახლეობა იმყოფება. პანიკა არ არის, ხალხი დამშვიდდა. გახიზნულია მხოლოდ ის ოჯახები, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა, ვისი სახლიც სტიქიამ დააზიანა ან დაანგრია“, – განაცხადა ვიბლიანმა.

ამასთან, მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, მთაში მყოფი ექვსი პირიდან ერთი მოზარდის გამოყვანა მოხერხდა.

„ერთი მოზარდის გამოყვანა მოხერხდა, დანარჩენებმა უარი თქვეს, რადგან საქონელი ჰყავთ, მათ საფრთხე არ ემუქრებათ“, – განაცხადა ვიბლიანმა.

ამასთან, მისი თქმით, მდინარეში წყლის დონე დაწეულია და აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

სოფელ ჭუბერში, სტიქიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.  უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.