ნინო ტოტოღაშვილი - ონკოდაავადებასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის საჭიროა ადრეული დიაგნოსტიკა, მშობლის ინფორმირებულობა დაავადების შესახებ
ნინო ტოტოღაშვილი - ონკოდაავადებასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის საჭიროა ადრეული დიაგნოსტიკა, მშობლის ინფორმირებულობა დაავადების შესახებ

აუცილებელია, შიში ყველა მშობელმა დაძლიოს, რადგან სტატისტიკურად, ჩვენთან უკვე მეოთხე სტადიის სიმსივნით ხვდებიან და შესაბამისად, იგივე სამკურნალო პროტოკოლის პირობებში, გაჯანსაღების სიხშირე გაცილებით დაბალია, ვიდრე გერმანიაში და აშშ-ში, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგმა, ნინო ტოტოღაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„როდესაც მშობელს ბავშვი მიჰყავს ოჯახის ექიმთან, რომელიც ეუბნება, რომ რაღაც ეეჭვება, მან დაუყოვნებლივ ონკოჰემატოლოგს უნდა მიმართოს“, – განაცხადა ტოტოღაშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, სიმსივნის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის.

„ამის შესახებ არავინ არ იცის. უბრალოდ, ვიცით, რომ რაღაც უჯრედში მუტაცია ხდება, რომლის ფონზე უჯრედების არაკონტროლირებადი ზრდა მიმდინარეობს. სიმსივნე სწორედ ეს არის“, – განაცხადა ტოტოღაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით ეფექტიანი იყოს, ონკოჰემატოლოგმა თქვა, რომ ამისთვის საჭიროა ადრეული დიაგნოსტიკა, დაავადების შესახებ მშობლის ინფორმირებულობა, სტიგმის დათრგუნვა, რომ სიმსივნე არ იკურნება და სამედიცინო დაწესებულების მიერ ხარისხიანი, უსაფრთხო დიაგნოსტიკა–მკურნალობა.

„რამდენიმე წლის წინ, სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული პაციენტებისთვის არავითარი დახმარება არ არსებობდა. ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტრო, „სოლიდარობის ფონდი“ და „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“ ერთი ჯგუფის მონაწილეები ვართ და დღეს უკვე, პაციენტები თავიანთ პრობლემასთან მარტო აღარ არიან“, – განაცხადა ტოტოღაშვილმა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგმა ასევე თქვა, რომ საჭიროა, ამ მიმართულებით მეტი და მეტი ქველმოქმედება განხორციელდეს, რადგან კიბოს დიადნოსტიკა–მკურნალობა მუდმივცვალებადია და ძალიან დიდ ხარჯებს უკავშირდება.