ნინო თანდილაშვილი საქართველოში UNIDO-ს წარმომადგენელს შეხვდა
ნინო თანდილაშვილი საქართველოში UNIDO-ს წარმომადგენელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების, ბაზების ფორმირება-სრულყოფის და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, სოფლის მეურნეობაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის და ახალგაზრდა კადრების გადამზადების საკითხებზე გაერო-ს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პროგრამის, „ქვეყნის პროგრამის“ კოორდინატორთან, ნუნუ მოსიაშვილთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა UNIDO-ს პროგრამაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლო ჩართულობის საკითხი და პროგრამის განხორციელების სამოქმედო გეგმა განიხილეს.

„სამინისტროს UNIDO-სთან გარემოს დაცვის მიმართულებით მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ეროვნული პროგრამა ჩვენთვის საინტერესო საკითხებს, მათ შორის, ლაბორატორიული ბაზების სრულყოფას და დიგიტალიზაციას მოიცავს. ლაბორატორიული შესაძლებლობების მიმართულებით ევროკომისიისგან დადებითი შეფასება გვაქვს. ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოება და უვნებლობა პირდაპირ კავშირშია ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებასთან და, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტულია. უნდა აღინიშნოს, რომ UNIDO-ს ჩართულობა ასევე საინტერესო იქნება სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართვის, ტრენინგცენტრის შექმნისა და კადრების გადამზადების მიმართულებით, ერთიანი სისტემატიზებული მიდგომის დანერგვის ნაწილში“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

UNIDO-ს პროგრამა „ქვეყნის პროგრამა“, რომელიც 2023-2027 წლებში განხორციელდება, სამ ძირითად მიმართულებას – აგრობიზნესის განვითარებას, ბაზრებზე წვდომასა და ფერმერებისთვის შესაძლებლობების ზრდას, გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას მოიცავს. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, შეიქმნება ეროვნული საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყება გაერთიანდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.