ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა, ნინო სალუქვაძემ ევროპულ თამაშებზე 25 მეტრზე ტყვიის სროლაში საუკეთესო ოთხეულში შესვლა მოახერხა, რითიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზია გაინაღდა.
მესამე ევროპულ თამაშებზე ტყვიის მსროლელმა ქალებმა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში (25მ) დღეს მედლებისთვის იასპარეზეს. ნინო სალუქვაძემ ამ დისციპლინაში მეოთხე ადგილი დაიკავა და კარიერაში მეათედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.
მესამე ევროპულ თამაშებზე კვირას დაწყებული საკვალიფიკაციო ეტაპი სპორტული პისტოლეტით მსროლელმა ქალებმა დღეს დაასრულეს. სალუქვაძემ საუკეთესო რვა მსროლელს შორის 579 ქულით მერვე ადგილი დაიკავა.
ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი მეორე 1/2-ფინალურ ოთხეულში შევიდა, სადაც გერმანელი დორინ ვენეკამპის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და ფინალურ ოთხეულში გადავიდა. ნინო სალუქვაძემ “კრაკოვი-მალოპოლსკა 2023” მეოთხე ადგილზე დაასრულა.
მეათედ ოლიმპიურ თამაშებზე – ამ მაჩვენებლით სალუქვაძე კანადელ ცხენოსანს, იან მილარს გაუთანაბრდება.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ათ ოლიმპიადაზე ქალ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია. ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.
ნინო სალუქვაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული 1988 წელს სეულში, სპორტული პისტოლეტით სროლაში მოიპოვა. იმავე ოლიმპიადაზე მან პნევმატური პისტოლეტით სროლაში ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა.
2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა პნევმატური პისტოლეტით სროლაში.
ნინო სალუქვაძე ექვსჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.