ნინო ქადაგიძე - მოსამართლეებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ყველაფერს დაემატა შანტაჟის ენით საუბარიც
ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო ფოკუსირდეს მართლმსაჯულებისთვის მეტად მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე, სამწუხაროდ, წლებია, გვიწევს ბრძოლა სასამართლოს, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ უზენაეს სასამართლოში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.
როგორც ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, პროფესიული სირთულეების მიღმა მოსამართლეებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ყველაფერს დაემატა შანტაჟის ენით საუბარიც.
„პირადად ჩემი და საერთო სასამართლოების სახელით, მინდა, უღრმესი პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, მადლობა ვუთხრა მას უზენაეს სასამართლოში მობრძანებისთვის. ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ მეტადრე უფრო სასიხარულო იქნებოდა ჩვენთვის, ბატონ ირაკლისთან საუბარი და დისკუსია გვქონოდა მართლმსაჯულებისათვის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ კვლავაც გვიწევს იმ სირთულეებზე საუბარი, რომლებიც წლებია, გრძელდება სასამართლოსთან მიმართებაში და უხეშად ლახავს როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობას, ისე თითოეული ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო ფოკუსირდეს მართლმსაჯულებისთვის მეტად მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე, ჩვენ, სამწუხაროდ, წლებია, გვიწევს ბრძოლა სასამართლოს, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით. პროფესიული სირთულეების მიღმა, იცით, რომ ჩვენს კოლეგებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ბოლო პერიოდში ამ ყველაფერს დაემატა უკვე შანტაჟის ენით საუბარი. მე, სამწუხაროდ, სხვა შესატყვისი სიტყვა ვერ გამოვძებნე იმ ვითარების დასაფიქსირებლად, რაც ამ ბოლო პერიოდში ჩვენ გარშემო ვითარდება“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.