ნინო ქადაგიძე გიგა ბოკერიას - ბატონო გიგა, თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ, ადამიანს აურიოთ გზა-კვალი
ნინო ქადაგიძე გიგა ბოკერიას - ბატონო გიგა, თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ, ადამიანს აურიოთ გზა-კვალი

ბატონო გიგა, თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ, რომ ადამიანს აურიოთ გზა-კვალი, ამის ნიჭი უდავოდ გაქვთ, – ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ გიგა ბოკერიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კერძოდ, გიგა ბოკერია დაინტერესდა ნინო ქადაგიძის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით. ბოკერიას განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის აუდიოჩანაწერის გაცემაზე უარი განაცხადა და ამით მოსარჩელის პრეტენზია არ დააკმაყოფილა.

„თქვენ 2014 წლის 15 ივნისს უარი განაცხადეთ, რომ დაგეკმაყოფილებინათ მოსარჩელის პრეტენზია. საქმე ეხებოდა აუდიოჩანაწერის გაცემას უწყებათაშორისი კომისიის მიერ.

აქ, პარლამენტში, ამ სხდომაზე, რა აუდიოჩანაწერიც კეთდება, ეს არის საჯარო ინფორმაცია, თუ არა. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა იყო საჯარო საკითხზე და იქ არ იყო გასაიდუმლოებული არაფერი. უბრალოდ, ხუშტური იყო იმ უწყების მინისტრის, რომელიც ცნობილია ასეთი დამოკიდებულებით. თქვენ, როგორც მოსამართლემ, ამ ხუშტურზე კვერი დაუკარით. ვერც მეუბნებით, ამით რა სიკეთე დაიცავით, რომელმაც გადაწონა საჯარო ინტერესი, რომ ეს ინფორმაცია მიეღო ხალხს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეული იყო ჩანაწერის გაკეთების კრიტერიუმები.

„თქვენ ცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად გამაცემინოთ პასუხი, მაგრამ მჭირდება დრო პასუხისთვის. ამ სხდომის აუდიოჩანაწერი იქნება საჯარო იმ შემთხვევაში, თუ ეს არის რეგლამენტით გათვალისწინებული და დაცული იმ კრიტერიუმებით, რასაც ითვალისწინებს ჩაწერის ნებართვა. ცალსახად ვადასტურებ, რომ იუსტიციის მინისტრს ჰქონდა მიღებული დებულება, ნორმატიული აქტი, რომელშიც ეწერა, რომ კომისიაზე დგება წერილობითი სახის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე. ამ სახით ეს დოკუმენტი საქმეში იდო. იმისათვის, რომ ჩანაწერი იყოს ოფიციალური, უნდა იყოს ხელმოწერილი. ჩანაწერის გაკეთებას შესაბამისი კრიტერიუმები აქვს და ეს მოცემულ შემთხვევაში იყო დარღვეული“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.