ნინო ქადაგიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნით პასუხისმგებლობა გამეზარდა, არ ვფიქრობ, რომ ამით ძალაუფლება მომეცა
ნინო ქადაგიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნით პასუხისმგებლობა გამეზარდა, არ ვფიქრობ, რომ ამით ძალაუფლება მომეცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, მისთვის ეს თანამდებობა არა ძალაუფლება, არამედ პასუხისმგებლობის გაზრდაა.

მისივე თქმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა მას დაეხმარება, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოს ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა ავიღო სამივე ინსტანციის სასამართლოს ადმინისტრირებაზე და ეს პოზიცია, რომელიც დავიკავე, იქნება დამატებითი ბერკეტი, რომელიც ამაში დამეხმარება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 10 წლის ვადით ირჩევა, რაც ნიშნავს, რომ ის 10 წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც. განხორციელებული ცვლილებებით ვადა შეიზღუდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეძლევა შესაძლებლობა, თავად დაყენოს კანდიდატი და აირჩიოს. კანონს მე არ დავუნიშნავარ, იუსტიციის საბჭოს წევრებმა დამასახელეს და ჩემი ვადაც ლიმიტირებულია. ჩემი სურვილია, გახსნილი იყოს სასამართლო, ფუნქციონირება იყოს გამართული, საზოგადოებამ კი სწრაფი მართლმსაჯულება მიიღოს. მე არ ვფიქრობ, რომ ამით ძალაუფლება მომეცა, არამედ გამეზარდა პასუხისმგებლობა. ნომერ პირველი გამოწვევა არის მოსამართლეების რაოდენობის გაზრდა, ასევე შიდა და გარე დამოუკიდებლობის დაცვა. გარე პოლიტიკურ ინტერესებს ვერ ვხედავ და ეს პოზიცია სასამართლომ უნდა შეინარჩუნოს“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.