ნინო ქადაგიძე - ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების შექმნა ჩემთვის პრიორიტეტული იქნება
ნინო ქადაგიძე - ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების შექმნა ჩემთვის პრიორიტეტული იქნება

ჩემთვის პრიორიტეტული და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების შექმნა,- ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქადაგიძის თქმით, მისი საქმიანობის პრიორიტეტი იქნება ისეთი მართლმსაჯულების შექმნა, რომელიც საზოგადოების მაღალ ნდობას დაიბრუნებს.

„მოსამართლეები პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საზოგადოებას ვერაფერს დავპირდებით, თუმცა ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ისეთი მართლმსაჯულება შევქმნათ, რომელიც საზოგადოების მაღალ ნდობას დაიბრუნებს. ალბათ, თანამდებობაზე ჩემი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ეს იქნება“ ,- განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ამასთან, ქადაგიძის განცხადებით, სასამართლოში რაიმე „კლანის“ არსებობას გამორიცხავს.

„იურისტებს ფაქტებით საუბარი გვიყვარს, როცა ოპოზიცია ამაზე საუბრობს, მათ ვთხოვ, შესაბამისი არგუმენტები დადონ. თუ რაიმე არგუმენტი იქნება დადებული, რომელიც ვინმესთან დამაკავშირებს, მაშინ კიდევ უფრო დაწვრილებით გაგცემთ პასუხებს“ ,- განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

კითხვაზე, თავისუფალია თუ არა სასამართლო გავლენებისგან და მცდელობის შემთხვევაში, რას მოიმოქმედებს, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მისი მიზანია, დაიცვას ნებისმიერი კოლეგა ნებისმიერი გავლენისგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

„როცა გავაცნობიერე, რა თანამდებობას ვიკავებდი, ჩემი ძირითადი მიზანი იყო, დავიცვა ნებისმიერი ჩემი კოლეგა ნებისმიერი გავლენისგან, ეს ზეგავლენა და ზემოქმედება ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. თუ ზეწოლის ფაქტი იქნება, საზოგადოებას პირობას ვაძლევ, რომ მათთვის ეს ინფორმაცია მიწოდებული იქნება“ ,- განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

გარდა ამისა, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ სასამართლოს გარკვეული პრობლემა რეპუტაციის თვალსაზრისით მართლაც აქვს.

„ჩვენი პირველი მიზანია, რომ ავამაღლოთ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა. გარკვეული პრობლემები შეიძლება კანონმდებლობის თვალსაზრისით იყო, რაც ამ კითხვებს ბადებდა, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციით იმდენად მაღალი სტანდარტია მოსამართლეებისთვის შექმნილი, რომ თითოეული მოსამართლე გავლენებისგან კანონით არის დაცული. ჩვენ ახლა ვყალიბდებით, როგორც სასამართლო და გარკვეულ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. არ გვქონდა დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოება ყოველწლიურად უფრო მაღალი ხარისხის მართლმსაჯულებას მიიღებს“ ,- განაცხად ნინო ქადაგიძემ.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. ქადაგიძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.