ნინო ოდიშარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს ბენეფიციარები არ დაზარალდნენ
ნინო ოდიშარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს ბენეფიციარები არ დაზარალდნენ

სამინისტროში სოციალური სამსახურის რეფორმირებაზე 2018 წლიდან ვმუშაობთ, გვაქვს მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი კონკრეტული ნაბიჯების გეგმა,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოკლევადიანი გეგმები ფაქტობრივად შესრულებულია, 2020 წლისთვის კი, საშუალოვადიანი გეგმების შესრულებაა გათვალისწინებული.

„გუშინ დასრულდა მედიაცია. მოკლევადიანი გეგმები ფაქტობრივად ყველა შესრულებულია. ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულია, ზოგან რემონტი დასრულდა, ზოგან აზომვითი სამუშაოები, ყველა რეგიონს დავუმატეთ მანქანა და კიდევ დაემატება. სოციალური მუშაკები თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის ბარათით უფასოდ ისარგებლებენ. მათ ჩამოვაშორეთ ადმინისტრაციული საქმეები. რაც შეეხება საშუალოვადიან გეგმებს, ეს არის უფრო შინაარსობრივი თემები და ეხება საპროცესო წარმომადგენლობას, შეფასებებს, ხელფასის ზრდას, რომელიც 2020 წლიდან ანონსითაც და სამოქმედო გეგმითაც გათვალისწინებულია. გვაქვს შიდა საბჭო და მათი მონაწილეები არიან სოციალური მუშაკებიც. ამ საბჭოსთან ერთად მივყვებით სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა ნინო ოდიშარიამ.

როგორც  სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს ბენეფიციარები არ დაზარალდნენ.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ბენეფიციარები სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს არ დაზარალდნენ და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. გავაკეთებთ მობილიზებას სხვა იმ რესურსებისა და თანამშრომლების, რომლებსაც ჩავრთავთ გადაუდებელ რეჟიმში. სამინისტროში ასევე მუშაობენ ყოფილი სოციალური მუშაკები და სწორედ მათი მობილიზება მოხდება, ასევე მოხდება ტერიტორიული ერთეულების დირექტორებისა და ხელმძღვანელების მობილიზება, რომლებიც ამ პროცესში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან“,-განაცხადა ნინო ოდიშარიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან, – ამის შესახებ დღეს განცხადება თავად სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გააკეთეს. ისინი სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ მხოლოდ ერთი გამონაკლისის გარდა. მათი თქმით, თუ სააგენტოში შევა ინფორმაცია ბავშვის ოჯახიდან განრიდების შესახებ, ისინი მზად არიან, ეს სამუშაო შეასრულონ.

დატოვე კომენტარი