ადვოკატის ინფორმაციით, პარტნიორთა კრებაზე დაკმაყოფილდა ნინო ნიჟარაძის მოთხოვნა „რუსთავი 2"-ის ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციაზე წვდომის შესახებ
ადვოკატის ინფორმაციით, პარტნიორთა კრებაზე დაკმაყოფილდა ნინო ნიჟარაძის მოთხოვნა „რუსთავი 2"-ის ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციაზე წვდომის შესახებ

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ცხრა პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებით, პარტნიორთა კრებაზე დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა ტელეკომპანიის ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციაზე წვდომის შესახებ.

როგორც გიორგი ყავლაშვილმა პარტნიორთა კრების შემდეგ განაცხადა, შეთანხმდნენ, რომ აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან შეირჩეს ერთ-ერთი, რომელიც დოკუმენტაციას შეისწავლის.

მისი ინფორმაციით, კრებას ესწრებოდა ტელეკომპანია „საქართველოს” წარმომადგენელი, იყო ყარამანიშვილების იურისტი, ასევე სხვა პარტნიორების წარმომადგენელი იურისტები, ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია და ასევე – ნოტარიუსი.

„ტელეკომპანიის ხელმძღვანელის მიერ ითქვა, რომ ისინი მისცემენ ჩემ მიერ მოყვანილ სპეციალისტებს წვდომას იურიდიულ და ფინანსურ დოკუმენტაციაზე. ასევე გამოთქვეს თანხმობა, რომ თუ შერჩეული იქნება აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან რომელიმე, მათ გადაეცეთ დოკუმენტაცია შესასწავლად. მთავარია, ეს პირობები შესრულდეს.

დიდი იმედი გვაქვს, ძალაში დარჩება ეს წინადადებები და მას შემდეგ, რაც მოხდება აღნიშნული ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზი, უკვე დაკორექტირდება სასარჩელო მოთხოვნები იმის შესაბამისად, თუ რა ფინანსურ დანაკარგზე, ზიანზე და სხვა ასეთ საკითხებზე იქნება საუბარი.

ამ ეტაპზე მიღწეული გვაქვს შეთანხმება, დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა, რომ გაგვიჩნდეს წვდომა ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციაზე. შემდგომ უკვე ამ დასკვნების საფუძველზე  მოახდენენ მხარეები რეაგირებას. ასევე შევთანხმდით აუდიტორულ კომპანიაზე”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ოპონენტი მხარე ვარაუდობს, რომ არ დადგინდება ის ზიანი, რასაც სარჩელით მოითხოვს ნინო ნიჟარაძის მხარე. ადვოკატის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის სასარჩელო მოთხოვნა 28 მილიონს წარმოადგენს.

„ოპონენტი მხარე ვარაუდობს, რომ სამართლებრივი პრეტენზიები აღარ დარჩება. ვარაუდობენ, რომ დასკვნებიდან გამომდინარე არ დადგინდება ის ზიანი, რაც ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის თანახმად დირექტორმა და დომინანტმა პარტნიორებმა მიაყენეს ტელეკომპანიას. თუ დასკვნაში ზიანის თაობაზე ასეთი პოზიცია იქნება დაფიქსირებული, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავა არბიტრაჟის მეშვეობით დავასრულოთ, თუ სასამართლოს გზით“, – აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.

თავის მხრივ, „რუსთავი 2″-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიის მეწილეს, ნინო ნიჟარაძეს არასდროს ჰქონია ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომა შეზღუდული და ვიდრე ის სასამართლოში სარჩელს შეიტანდა, მას შეეძლო დღევანდელის მსგავსად პარტნიორთა კრება მოეწვია.

„არ ვფიქრობთ, რომ მას არ უნდა ჰქონდეს აღნიშნულ დოკუმენტაციაზე წვდომა. გარდა ამისა, მოხდა შეთანხმება აუდიტორულ შემოწმებაზე. არც ისაა პრობლემა, რომ დიდი ოთხეულიდან რომელიმე აუდიტორულმა კომპანიამ შეამოწმოს კომპანიის ფინანსური დოკუმენტაცია”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.