ნინო ნიჟარაძე - აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა არის მზარდი, სიტუაცია გვაქვს საკმაოდ დაძაბული, თუმცა კონტროლირებადი
ნინო ნიჟარაძე - აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა არის მზარდი, სიტუაცია გვაქვს საკმაოდ დაძაბული, თუმცა კონტროლირებადი

აჭარაში კორონავირუსის 88 შემთხვევა დაფიქსირდა, შემთხვევების რაოდენობა არის მზარდი, სიტუაცია გვაქვს საკმაოდ დაძაბული, თუმცა კონტროლირებადი. მინდა, გითხრათ, ვაკონტროლებთ სიტუაციას, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

„თითოეულ კონტაქტზე, თითოეულ პაციენტზე ხდება მიდევნება, ხდება რეკომენდაციის მიცემა და „პისიარ“ დიაგნოსტიკა დროულობის დაცვით. აქვე მინდა, მივმართო მოსახლეობას, თუკი მათ ირგვლივ მყოფ სამეგობროს, სამეზობლოს თუ კონტაქტირებულ პირს დაუდასტურდა აღნიშნული ინფექცია, იცოდნენ, რომ მათ აუცილებლად შეეხმიანებათ ეპიდემიოლოგი, სავალდებულოა ისინი იყვნენ იზოლაციაში, ვიდრე არ მოხდება ეპიდემიოლოგის ვიზიტი, ვიდრე არ მოხდება ტესტირება. მიუხედავად ტესტირების პასუხისა, ეს იქნება სამ დღეში თუ ა.შ, ისინი ვალდებულები არიან, იყვნენ იზოლაციაში, ხოლო კონტაქტირებული პირები იცავენ წესს, 12-დღიანი იზოლაციის.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ინიციატივით, გვქონდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრები გაიმართა ყველა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად. იცით, რომ უკვე ჩართული დაწესებულებების რაოდენობა არის მზარდი. გუშინდელი მდგომარეობით, 260 საწოლამდე იყო მობილიზებული კოვიდის სამართავად, მაგრამ შეირჩა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაკონტრაქტდებიან, ჩაერთვებიან აღნიშნული ინფექციის მართვაში“,- განაცხადა ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ აიღეს ბათუმის ბულვარიდან კარვები, სადაც მოსახლეობას „პისიარ“ ტესტირების ჩატარება შეეძლო.

ამასთან, ნინო ნიჟარაძის თქმით, ბათუმში რჩება ორი კარავი – ე.წ. ხოფას ბაზრობისა და ბათუმის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„სიტუაცია არის ნამდვილად კონტროლირებადი, ნამდვილად არ არის საპანიკო. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო და კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ ხვალინდელი დღე აბსოლუტურად დამოკიდებულია ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, ვატაროთ ნიღბები, დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, დავიცვათ ხელის ჰიგიენა.

კარვების აღება ბულვარის სამ ლოკაციაზე მოხდა, რადგან დამსვენებელთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა და მათი დატვირთვა ბოლო ორი დღის განმავლობაში საკმაოდ შემცირებული იყო. მაგრამ ყველაზე მეტად დატვირთულ უბნებში, ე.წ. ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავტოსადგურთან, კარავი ისევ არის და ქალაქის ხუთივე პოლიკლინიკა, უქმეების ჩათვლით, აგრძელებს მუშაობას“,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.