ნინო ნიჟარაძე - აჭარაში ეპიდსიტუაცია არის მძიმე, მაგრამ კონტროლირებადი
ნინო ნიჟარაძე - აჭარაში ეპიდსიტუაცია არის მძიმე, მაგრამ კონტროლირებადი

აჭარაში ეპიდსიტუაცია არის მძიმე, მაგრამ კონტროლირებადი. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ დაგვიდგეს გვერდით, დაიცვას რეგულაციები, რათა სიტუაცია იყოს მართვადი, – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

მისი ინფორმაციით, დღეს დილით აჭარის კოვიდკლინიკებში თავისუფალი იყო 35 ადგილი, თუმცა ეს რიცხვი არის ცვალებადი.

„დილისთვის 35 ადგილი იყო, მაგრამ მოგეხსენებათ 12:00 საათის შემდეგ ხდება ექიმების მიერ შემოვლის პროცესი, ხდება გამოჯანმრთელებულთა და იმ პაციენტთა გადაადგილება, რომელთა მდგომარეობა შემსუბუქდა და შესაბამისად, ჩნდება დამატებითი თავისუფალი ადგილები. ამიტომ ამ მიმართულებით არ არის რთული მდგომარეობა“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მინისტრის თქმითვე, აჭარაში მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა ამ დროისთვის მედიკოსთა რესურსი რეგიონში არის საკმარისი.