ნინო ლომჯარიას განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობას წყვეტს
ნინო ლომჯარიას განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობას წყვეტს

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დროებით შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა, რომელმაც ციხის საავადმყოფოში დეკანოზი მოინახულა.

ლომჯარიას თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

სახალხო დამცველის აზრით, გიორგი მამალაძეს სჭირდება ეფექტური სამედიცინო დახმარება, რაც პატიმრობის პირობებში ვერ მოხერხდება. ამიტომ, ლომჯარიას განმარტებით, საუბარია სასჯელის გადავადებაზეც.

„ჩემი თხოვნის შედეგად დეკანოზმა დამიდასტურა, რომ წყვეტს შიმშილობას დროებით. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, რომლის დეტალებსაც ახლა არ ვიტყვი. ძალიან მაშფოთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას არ აქვს პროგრესი, უარესდება კიდეც, ეს ინფორმაცია მისი მკურნალი ექიმისგან მაქვს. ის მკურნალობა, რაც მას გაეწია, ფაქტია, ვერ აღწევს შესაბამის შედეგს.

მისი მოთხოვნაა, ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა. მისი განცხადებით, სხვა დანარჩენი საკითხი ნაკლებად პრიორიტეტულია. ამბობს, რომ მისი პატიმრობის პირობებში ვერ ხერხდება ადეკვატური მკურნალობის გაწევა. საუბარია სასჯელის გადავადებაზეც, რაც მისცემს მას საშუალებას, მიიღოს ეფექტური მკურნალობა, ეს მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიასაც, რაც ვერ მოხერხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ექიმი ადასტურებს იმ ფაქტს,  რომ არის პარალიზებული“ ,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, იმსჯელებენ, რა ზომებს შეიძლება მიმართოს სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ნამდვილად ესაჭიროება ისეთი სამედიცინო დახმარება, რომელიც ციხეში ვერ გაეწევა.

„ამ შეხვედრის შემდეგ ვიმსჯელებთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სახალხო დამცველისგან, რა თქმა უნდა კონკრეტულად, რა ზომებს მივმართავთ, არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემი აზრია, რომ მას ნამდვილად სჭირდება სამედიცინო დახმარება და აქ ვერ გაეწევა ასეთი დახმარება. მისი თქმით,  ვერც დარეკვას ახერხებს ხოლმე, რადგან იქმნება ტექნიკური პრობლემები. ბევრი იმფორმაცია მივიღე, გავივლი  ჩემს წარმომადგენლებთან და შესაბამის ექსპერტებთან კონსულტაციას, რის შემდეგაც მექნება კონკრეტული პოზიცია“ ,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.