ნინო ლომჯარიამ თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიში წარადგინა
ნინო ლომჯარიამ თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-5 სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.

სახალხო დამცველმა 2019 წელს დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის თანახმად, დისკრიმინაციის ფორმები – შევიწროება და სექსუალური შევიწროება კანონმდებლობით აიკრძალა, გაძლიერდა სახალხო დამცველის მანდატი კერძო პირებთან მიმართებით, სასამართლოსთვის მიმართვის ვადა კი, დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით ერთ წლამდე გაიზარდა.

„სამწუხაროდ, საკანონმდებლო გარანტიების შექმნის მიუხედავად, თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ საქართველოში მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, რასაც ხელს უწყობს სახელმწიფოს ერთიანი ხედვის არარსებობაც. კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ პოლიტიკა თანასწორობის პრინციპთან დაკავშირებით მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან მიმართებით, რის გამოც, დისკრიმინაციული პრაქტიკების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, უმეტესწილად, ინდივიდუალური უფლება დარღვევების აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობა ხდება საჭირო“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ანგარიშში განხილულია 2019 წლის განმავლობაში ცალკეული დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ+ თემის წევრების, რელიგიური უმცირესობების და ხანდაზმული პირების თანასწორუფლებიანობის დაცვის მხრივ არსებული პრობლემები, ასევე, მიმოხილულია სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები, დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევები და სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების სტატისტიკური მონაცემები;

გაანალიზებულია 2019 წელს თბილისი პრაიდის შესახებ დისკუსიის ფონზე ლგბტ+ თემის წევრების უფლებების სისტემური დარღვევის და სახელმწიფოს არასათანადო რეაგირების საკითხი.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 155 ახალი შემთხვევა განიხილა, მათგან 13 ფაქტზე წარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

„განმცხადებლების ყველაზე დიდი რაოდენობა კვლავ სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ დავობდა და ეს მონაცემი, წინა პერიოდის მსგავსად, 16%-ს შეადგენს. აღნიშნული სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებსაც აერთიანებს.

წინა პერიოდის მონაცემისგან მნიშვნელოვნად არ შეცვლილა განსხვავებული და პოლიტიკური შეხედულების გამო სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ განცხადებების რაოდენობა. განსხვავებული მოსაზრების გამო სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები 14 პროცენტს, ხოლო პოლიტიკური შეხედულების ნიშნით – 7 პროცენტსს შეადგენდა. წინა საანგარიშო პერიოდში განცხადებების 12 პროცენტი განსხვავებულ მოსაზრებას, ხოლო 9 პროცენტი პოლიტიკურ შეხედულებას შეეხებოდა.

2019 წელს რელიგიის ნიშნით თანასწორუფლებიანობის დარღვევაზე განმცხადებელთა 14 პროცენტი დავობდა, ეთნიკური წარმომავლობის გამო დისკრიმინაციაზე – 4 პროცენტი და სექსუალური ორიენტაციის ანდა გენდერული იდენტობის გამო დისკრიმინაციაზე კი 14 პროცენტი მიუთითებდა. აღნიშნული აერთიანებს ასევე მომართვებს სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ. წინა საანგარიშო პერიოდში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები რელიგიის ნიშნით 11 პროცენტს, ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით 8 პროცენტს, სექსუალური ორიენტაციის ანდა გენდერული იდენტობის გამო კი 8 პროცენტს შეადგენდა.

2019 წელს შემცირებული იყო მომართვიანობა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებთან მიმართებით და მხოლოდ 3 პროცენტში გამოიკვეთა, წინა პერიოდში კი ამ საფუძვლით დისკრიმინაციაზე განმცხადებელთა 6 პროცენტი დავობდა. ასაკის და მოქალაქეობის გამო განსხვავებულ მოპყრობას საქმეთა 2 პროცენტსა და 7 პროცენტში ვხვდებით, წინა წელს ეს მონაცემი იყო 3 პროცენტი და 2 პროცენტი, შესაბამისად სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი – 21 პროცენტი სხვა ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს შეეხებოდა. წინა პერიოდში ეს მონაცემი 14 პროცენტს წარმოადგენდა.

წინამდებარე საანგარიშო პერიოდში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების 61 პროცენტი საჯარო სექტორს, 39 პროცენტი კი კერძო სექტორს მიემართებოდა. წინა პერიოდში განმცხადებლები 69 პროცენტ  შემთხვევაში საჯარო სექტორში, 31 პროცენტში კი კერძო სექტორში ჩადენილ დისკრიმინაციის ფაქტებზე მიუთითებდნენ“ ,- აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში.