ნინო ლომჯარიამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ნინო ლომჯარიამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ მეხუთე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილია „ჩვენ ვაკავშირებთ“, რომელიც მსოფლიოში არსებულ, პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას პასუხობს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ონლაინ კონფერენცია 7-დან 18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას მიეძღვნა.

„საქართველოში ამ ასაკობრივ ჯგუფს ჯერ ისევ არ აქვს სათანადო მხარდაჭერა სახელმწიფო მომსახურებების სახით, მიმდინარე პროგრამები მცირეა, მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და ბავშვების ინდივიდუალური განვითარების საჭიროებებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, პანდემიამ კიდევ უფრო მკაფიო გახადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები.

ამასთან, სახალხო დამცველმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ვალდებულებას, დროულად გადაჭრას არსებული პრობლემები. კერძოდ, აღმოფხვრას ბარიერები განათლების მიღების პროცესში, შექმნას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ფუნქციური და სოციალური უნარ-ჩვევების ხელშემწყობი თანამედროვე სერვისები და მომსახურებები, უზრუნველყოს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარება; ამასთან, მხარი დაუჭიროს დაუნის სინდრომის მქონე პირთა ოჯახების გაძლიერებას.

„აღნიშნულ პროცესში სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სამოქალაქო საზოგადოების, ოჯახების ჩართულობას, მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენასა და გაზიარებას“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, თემაზე მომუშავე ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა პანდემიის პირობებში შშმ ადამიანების მომავალი წარმატებისთვის, განათლების, განვითარების, დასაქმებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საზოგადოების დანარჩენ წევრებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.