ნინო ლომჯარია - ყველა ექიმმა თავისი მიმართულებით შეისწავლა სააკაშვილის საქმე, ახლა, მედიკოსები შეაჯერებენ ამ ინფორმაციებს და დასკვნა თავისი რეკომენდაციებით საჯაროდ გავრცელდება
ნინო ლომჯარია - ყველა ექიმმა თავისი მიმართულებით შეისწავლა სააკაშვილის საქმე, ახლა, მედიკოსები შეაჯერებენ ამ ინფორმაციებს და დასკვნა თავისი რეკომენდაციებით საჯაროდ გავრცელდება

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თავისივე შექმნილ ექიმთა ჯგუფთან ერთად მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულა. როგორც ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ექიმთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მაც მედიკოსები ინფორმაციას ერთობლივად შეაჯერებენ.

ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრობლემა მრავალმხრივია.

„ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით შეისწავლა პაციენტის საქმე, ასევე ჩატარდა მისი უშუალოდ გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პარალელურად, მიმდინარეობდა მის მკურნალ და სამედიცინო ექიმთან გასაუბრება. ყველას აქვს საკუთარი მიმართულებით ინფორმაციები, რომელსაც სჭირდება შეჯერება, რადგან ის არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა აქვს, არის მრავალმხრივი. ახლა ექიმებმა ეს ინფორმაცია უნდა შეაჯერონ, ამის შემდგომ, ბუნებრივია, იქნება და საჯაროდ გავრცელდება დასკვნა თავისი რეკომენდაციებით და შეფასებებით. როგორც მითხრეს, გარკვეული მიმართულებებით არის ცვლილებები, რიგ შემთხვევაში უკეთესობისკენ, რიგ შემთხვევაში კი, უარესობისკენ. ამ ყველაფერს სჭირდება გაანალიზება და ერთიანი პოზიციის შეჯერება. ძალიან დიდი აქცენტი კეთდება მხოლოდ ფსიქოტროპულ საკითხებზე, პრობლემა არის მრავალმხრივი, რომელსაც ერთიანობაში სჭირდება შეჯერება და განხილვა. ჩემი თხოვნაც იქნება, რომ მაინც და მაინც ამ საკითხებზე ამხელა ყურადღებას ნუ გავამახვილებთ, ყველაფერი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და ძალიან მალე ვეცდებით, რომ ეს დასკვნა იყოს მზად“, – განაცხადა ლომჯარიამ​​.

​რაც შეეხება სააკაშვილის მკურნალობის საზღვარგარეთ შესაძლო გაგრძელებას, ლომჯარიას თქმით, ჯერ უნდა გაკეთდეს ჯანმრთელობის შეფასება.

„რეკომენდაციასაც დაწერენ ექიმები. მე არ ვერევი ამ რეკომენდაციებში, თუ იქნება მსგავსი შეფასება შეფასება ექიმების მხრიდან, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი მხარს დაუჭერს ამ რეკომენდაციების განხორციელებას. უფლებრივ მდგომარეობას რაც შეეხება, როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმაც მითხრა, დისციპლინური საკითხი გამოიხატა საუბრის უფლების შეზღუდვაში, რაც ისედაც შეზღუდული ჰქონდა მას სხვადასხვა მიმდინარე საქმიდან გამომდინარე. დღეს ტელევიზორს უყურებს, თუმცა, მე რაც პრობლემურად მეჩვენება არის ის, რომ მას არ აქვს ღია სივრცე, სადაც ის, როგორც პატიმარი ისარგებლებდა სეირნობის უფლებით. როგორც ვიცი, მას სჭირდება უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა და ეს საკითხებიც იქნება განხილული“, – განაცხადა ლომჯარიამ.