ნინო ლომჯარია - წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლას ვიწყებთ
ნინო ლომჯარია - წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლას ვიწყებთ

სახალხო დამცველი წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლას იწყებს,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს შეეხება როგორც სავარაუდო ზეწოლის, იძულების ფაქტებს, სამსახურიდან გათავისუფლების, ასევე მოსყიდვის, თუ ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება საკორდინაციო შეხვედრა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და რა თქმა უნდა თითოეული ფაქტი იქნება ჩვენ მიერ შესწავლილი, აღრიცხული და საერთო ჯამში შეფასებული წინა საარჩევნო კამპანიის ჭრილში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

კითხვაზე, თუ გამოიკვეთა უკვე მსგავსი დარღვევა, ლომჯარია პასუხობს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების ერთ-ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ასევე სავარაუდო შემთხვევა, როგორც აცხადებენ, პირადი ცხოვრებით შანტაჟის. თუმცა ვფიქრობ, რომ იქნება მრავლად და სახალხო დამცველი ეცდება, ეფექტური და დროული რეაგირების მექანიზმი ჰქონდეს ამ ფაქტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.