ნინო ლომჯარია - ვინც არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, მან საზოგადოებას პირობა უნდა მისცეს, რომ დაუყოვნებლივ გაატარებს რეფორმებს
ვინც არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, მან საზოგადოებას პირობა უნდა მისცეს, რომ დაუყოვნებლივ გაატარებს რეფორმებს, რაც გასატარებელია და რაც შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფორმირების პროცესი დაჩქარდეს.
„სახალხო დამცველი არანაირ კომენტარს არ გააკეთებს სამთავრობო ცვლილებებთან და კანდიდატების შეფასებასთან დაკავშირებით. ერთი პოზიცია მინდა დავაფიქსირო – ვინც არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, მან საზოგადოებას პირობა უნდა მისცეს, რომ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს დაუყოვნებლივ გაატარებს, რაც გასატარებელია და რაც შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა. ეს ეხება, როგორც სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებს, ასევე სამართალდამცავ სისტემას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფორმირების პროცესი დაჩქარდეს იმ ფორმით, რასაც რეკომენდაციას არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი უწევდნენ”, – განაცხადა ლომჯარიამ.
კითხვაზე, აქვს თუ არა შენიშვნები თეა წულუკიანთან მიმართებაში, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოზიტიური ან ნეგატიური პოზიცია დააფიქსიროს რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ.
„სახალხო დამცველი ნეიტრალური მხარეა. ნებისმიერ ახალ მინისტრს ვთხოვდი, რომელიც პასუხისმგებელი სწორედ ამ სფეროში გასატარებელ რეფორმებზე იქნება, რომ სამართალდამცავ სისტემაში რეფორმები დაჩქარებულად დაიწყოს და გაატაროს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.