ნინო ლომჯარია - ვფიქრობ, ირაკლი კობახიძეზე კიდევ რბილი იყო ჩემი განცხადებები, მეტის თქმაც შეიძლებოდა, საკუთარ თავს ბევრი უფლება მისცა
ნინო ლომჯარია - ვფიქრობ, ირაკლი კობახიძეზე კიდევ რბილი იყო ჩემი განცხადებები, მეტის თქმაც შეიძლებოდა, საკუთარ თავს ბევრი უფლება მისცა

კიდევ რბილი იყო  განცხადებები, მეტის თქმაც შეიძლებოდა, რადგან კობახიძე საპარლამენტო ტრიბუნიდან დაემუქრა სახალხო დამცველს და მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს, დადგებოდა ჩვენი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ვინაიდან ვიცავდით ადამიანის უფლებებს, – ასე უპასუხა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში დეპუტატ ნინო წილოსანის შეკითხვას.

კერძოდ, ნინო წილოსანმა ლომჯარიას შეახსენა ირაკლი კობახიძის მიმართ გაკეთებული განცხადება, რომ კობახიძე სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიაჩნია, მას დასავლეთში არანაირი აღიარება არ აქვს და კითხვით მიმართა: „თქვენთვის საკუთარი ხალხის ლეგიტიმაცია უფრო მნიშვნელოვანია, თუ დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაცია, რომელიც ასევე აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და თავად ირაკლი კობახიძეს“.

როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, კობახიძემ მაშინ საკუთარ თავს ბევრი უფლება მისცა.

„შემდეგი კითხვები იყო დასმული ქალბატონი ნინო წილოსანისგან. მან რამდენიმე ჩემი ციტატა მოიყვანა. პირველ რიგში, ქალბატონო ნინო, თქვენს ადგილას მე არ გავიხსენებდი, მაგრამ თქვენ გაიხსენეთ ბატონი ირაკლი კობახიძის მიმართ ჩემ მიერ გაკეთებული შეფასებები, მათ შორის მისი რეპუტაციისა და ლეგიტიმაციის თაობაზე საკმაოდ მკვახე განცხადებები გავაკეთე. გაგახსენებთ, რატომ გავაკეთე ეს განცხადებები. კითხვას სვამთ, რომ როგორ მივეცი ჩემს თავს უფლება, ასეთი განცხადებები გამეკეთებინა. ვფიქრობ, კიდევ საკმაოდ რბილი იყო  განცხადებები, მეტის თქმაც შეიძლებოდა იმ ვითარებაში, რადგან ბატონი კობახიძე, რომელიც არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, საპარლამენტო ტრიბუნიდან დაემუქრა საქართველოს სახალხო დამცველს და მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს, დადგებოდა ჩვენი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ჩვენ ვიცავდით ადამიანის უფლებებს. ვფიქრობ, სწორედ მას არ ჰქონდა ამისი თქმის უფლება. ძალიან ბევრი უფლება მისცა საკუთარ თავს, როდესაც ეს განცხადება გააკეთა. არა მარტო ჩემს მანდატს, არამედ ყველა ფორმით დავიცავ ყველა ადამიანს, რომელიც სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ ახორციელებს უფლებადაცვით საქმიანობას. ამიტომ კარგი იქნებოდა, გაგეხსენებინათ, კობახიძის რა განცხადებას მოჰყვა ჩემი კომენტარი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.