ნინო ლომჯარია - ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ემთხვევა
ნინო ლომჯარია - ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ემთხვევა

ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ემთხვევა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდი აუცილებელია, გამოიძიოს ინსტიტუციურად დამოუკიდებელმა ორგანომ. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ საკნიდან პატიმრის გაყვანის საქმეში შესაძლოა, ჩართული იყოს ყოფილი მთავარი პროკურორი.

„ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება, სახელმწიფომ აღნიშნულ გარემოებაზე დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოოს. არ ვიცი, რამდენად შეძლებს ეს გამოძიება აწარმოოს პროკურატურამ, რადგან სავარაუდოდ სწორედ ყოფილი მთავარი პროკურორი და პროკურორები იყვნენ ჩართული აღნიშნული საქმის თუნდაც წინა გამოძიებაში. ამიტომ ჩვენ ვაფრთხილებდით სახელმწიფოს, რომ ამ საკითხზე დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნის აუცილებლობა დადგებოდა დღის წესრიგში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, მინისტრთა კომიტეტი იმეორებს სახალხო დამცველის კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ვიდეომასალის დაარქივების აუცილებლობას ეხება.

„2017 წლის ანგარიშშიც ვსაუბრობდით, რომ ვიდეომასალის შენახვის ხუთდღიანი ვადა არის ხანმოკლე და არ არის ეფექტური. მისასალმებელია, რომ მინისტრთა კომიტეტმა, ფაქტობრივად, გაიზიარა ეს რეკომენდაცია და აღნიშნა, რომ ეს ვადა უნა გადაიხედოს და გაიზარდოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა საჭიროდ არ ჩათვალა.

ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებაგამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.