ნინო ლომჯარია - შეშის თუ სხვა ნივთის აქციაზე მიტანა მაშინ შეიძლება, შეიზღუდოს, თუ პოლიციას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არსებობს რეალური საფრთხე
ნინო ლომჯარია - შეშის თუ სხვა ნივთის აქციაზე მიტანა მაშინ შეიძლება, შეიზღუდოს, თუ პოლიციას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არსებობს რეალური საფრთხე

ვინაიდან არ მოგვისმენია პოლიციელთა განმარტება, თუ რატომ ართმევენ მომიტინგეებს შეშასა და კასრებს, მიგვაჩნია, რომ პოლიციის ქმედებები წარმოადგენს შეკრება-მანიფესტაციების უფლების უკანონო შეზღუდვას, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

„შეშისა და კასრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით დავწერ, რომ:

შეკრების მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველსაყოფად, ზოგადად, კანონმდებლობით აკრძალულია ადვილად ფეთქებადი, აალებადი ნივთიერებების ან/და ისეთი საგნების ფლობა, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ვინმეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობას ზიანის მიყენების მიზნით.

აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2014 წელს განმარტა, რომ კანონი არა კონკრეტული ნივთების ან ნივთიერებების გამოყენებას კრძალავს, არამედ ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეკრების მონაწილეთა ქმედებები ქმნიან საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ ნივთების ადამიანთა დასაზიანებლად გამოიყენება მოხდება.

შესაბამისად, შეშის თუ სხვა რაიმე ნივთის შეკრება-მანიფესტაციაზე მიტანა მხოლოდ მაშინ შეიძლება, შეიზღუდოს პოლიციის მხრიდან, თუ მათ აქვთ დასაბუთებული და გონივრული ვარაუდი, რომ არსებობს რეალური და მყისიერი საფრთხე, რომ შეშისა და კასრების გამოყენება მოხდება სხვისი ჯანმრთელობის ზიანის მიყენების მიზნით (წინარე პრაქტიკის ან მანიფესტანტების ქცევის გათვალისწინებით).

ვინაიდან ჩვენ არ მოგვისმენია პოლიციელთა განმარტება, თუ რატომ ართმევენ მომიტინგეებს აღნიშნულ ნივთებს, მიგვაჩნია, რომ პოლიციის ქმედებები წარმოადგენს შეკრება-მანიფესტაციების უფლების უკანონო შეზღუდვას“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე“.

სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეშისა და კასრების მიტანის შესაძლებლობას არ აძლევენ, რის გამოც დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე შელაპარაკება მოხდა.